23 ნოემბერი 2024,   17:11
ვრცლად
"ყველა გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით - იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ცესკოს მოეწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით" - ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, ცესკოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" საქალაქო სასამართლოს მიმართა. პოლიტიკური პარტია და სარჩელის კიდევ ერთი ავტორი - "სამართლიანი არჩევნები" საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნა ოპოზიციამ 26 სექტემბერს, ცესკოს სხდომაზეც დააყენა, თუმცა ამ საკითხმა კომისიის წევრთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

"სასამართლოში ვიცავდით ემიგრანტი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, რომელთაც უნდათ საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება საზღვარგარეთ. ბათილად ცნონ განკარგულება და დაავალონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკითხის საფუძვლიანი შესწავლა და ყველა ღონისძიების განხორციელება იმისთვის, რომ უბნები გაიხსნას,“ - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თამარ კორძაია.

ოპოზიციის მოთხოვნას პასუხობს ცესკო, სადაც კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები კანონის დაცვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სიების საფუძველზე შეიქმნა.

"ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ცესკოს მოეწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით. ყველა მონაცემები გათვალისწინებული იქნა და ყველა იმ ადგილას, ყველა ქალაქში შეიქმნა საარჩევნო უბანი, რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოეწოდა," - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

დღის ამბები