23 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
"საინტერესოა, მთავრობის რომელიმე წევრი მაინც თუ უპასუხებს ლავროვს და ეტყვის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა და არა ცალკე სახელმწიფო" - თეონა აქუბარდია

პოლიტიკური დისკუსიის თემაა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით. ოპოზიცია სერგეი ლავროვის პოზიციას საფრთხედ მიიჩნევს და ამბობს, რომ საქართველოს გამთლიანების გარანტი ევროკავშირია.

"ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ საკუთარი ქვეყნისთვის ომის გადაბრალება საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნიდა, ეს უკვე ძალიან ღიად ჩანს ლავროვის განცხადებიდან. საინტერესოა, ივანიშვილის მთავრობის რომელიმე წევრი, თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი თუ მაინც უპასუხებს ლავროვს და ეტყვის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველო და არა ცალკე სახელმწიფო, როგორც მათ უნდათ, ეს წარმოაჩინონ," - განაცხადა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

"ეს არის დაცინვა და, რა თქმა უნდა, ლავროვი იყენებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ათეთრებს რუსეთს, აიგნორებს რუსეთს როგორც ოკუპანტს და, შესაბამისად, ისინიც ძალიან კმაყოფილები არიან ამით. კიდევ ერთხელ, ევროპის კავშირი არის გარანტია, გასაღები ჩვენი ქვეყნის გამთლიანების და არა ლავროვი," - აღნიშნა პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, "მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც".

 

დღის ამბები