23 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
საბა გოგლიჩიძე - სპორტსმენი, რომელზეც საფეხბურთო სამყაროში დიდი იმედები მყარდება - 20 წლის ფეხბურთელის წარმატების ისტორია

საბა გოგლიჩიძე 2004 წლის 25 ივნისს ქუთაისში დაიბადა და მის საფეხბურთო კარიერასაც საფუძველი ადრეული ასაკიდან ტორპედოს აკადემიაში ჩაეყარა, სადაც სიარული უფროს ძმასთან ერთად დაიწყო, თუმცა იქამდე იყო ეზოს ფეხბურთი და უბრალოდ გართობა, მაგრამ მოზღვავებული ენერგიის ბოლომდე დასახარჯად დრო მაინც არ ჰყოფნიდა.

კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე გოგლიჩიძის პროგრესი შეუმჩნეველი არავის დარჩენია და ასაკის მატებასთან ერთად, მის მიმართ ყურადღებაც სულ უფრო იზრდებოდა. ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების ხარჯზე, 17 წლის ასაკში, საბა გოგლიჩიძე ქუთაისის ტორპედოში გამოჩნდა, სადებიუტო შეხვედრაც მალე ითამაშა და ძირითად შემადგენლობაში ადგილიც დაიმკვიდრა.

ტორპედოში, მარჯვენა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე გატარებული 2 წლიანი პერიოდის მანძილზე, საბა გოგლიჩიძის სტაბილურმა, გააზრებულმა და საიმედო თამაშმა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა ყურადღებაც მალე მიიპყრო და ჯერ 18 წლამდე გუნდის მაისური მოირგო, შემდეგ იყო 19 წლამდე ნაკრები, რასაც რამაზ სვანაძის მიერ, მისი 21 წლამდე გუნდში გამოძახება მოყვა.

ტორპედოში ჩატარებულმა 30 შეხვედრამ და ასაკობრივ ნაკრებებში მისმა სტაბილურმა თამაშმა, გოგლიჩიძე ქართულ საფეხბურთო რეალობაში, მიუხედავად თავისი ასაკისა ერთ-ერთ შესამჩნევ ფიგურად ჩამოაყალიბა და მის ირგვლივ საფუძვლიანი ინტერესი, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაჩდა. მათ შორის იყო ერთ-ერთი იტალიური გრანდიც.

ის, რომ ბოლო წლებში, ევროპული საფეხბურთო ქვეყნებიდან ქართველების მიმართ, ინტერესი საგრძნობლად გაზრდილია, თვალშისაცემი ფაქტია, თუმცა მთავარი იმის განსაზღვრაა, როდის, სად და რა პირობებით უნდა მოხდეს ფეხბურთელის ტრანსფერი.

საბოლოო ჯამში არჩევანი იმ გუნდზე შეჩერდა, რომელიც ჩვენი საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად ნაცნობია. იყო დრო, როცა ემპოლის ქართველები იმ ფეხბურთელის გამო ქომაგობდნენ, რომელმაც ასევე პატარა ასაკში მოირგო იტალიური კლუბის მაისური.

საბა გოგლიჩიძის ემპოლიში გადასვლა, სწორედ ლევან და გიორგი მჭედლიძეების დამსახურებაა. მათი უშუალო ჩართულობით და წარმატებით წარმართული მოლაპარაკებების ხარჯზე, დღეს ქართველებს სერია ა ში, კიდევ ერთი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ტორპედოდან ემპოლიში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

საბა გოგლიჩიძის მონაცემებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ქართულ ფეხბურთს მისი სახით უმაღლესი დონის მცველი ეზრდება. მისი განვითარება საფეხბურთო თვალსაზრისით მხოლოდ ახლა იწყება. გოგლიჩიძის კარიერულ წინსვლაში კი მთავარ როლს ის ფაქტორი თამაშობს, რომ ეს ქუთაისელი ბიჭი, ადრეულ ასაკში, სწორ დროს და სწორ ადგილას აღმოჩნდა.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი. 

დღის ამბები