23 ნოემბერი 2024,   16:03
ვრცლად
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, სავარაუდო სცენარი და გეგმა ოპოზიციისთვის - "ქართულ ოცნებაში" დოკუმენტს ოპოზიციის გზამკვლევი დაარქვეს

პარლამენტის თავმჯდომარე, მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის დასკვნით ნაწილზე საუბრობს, სადაც ყურადღება იმ პროცესებზეა გამახვილებული, რომელიც შესაძლებელია საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარდეს. დოკუმენტში რამდენიმე შესაძლო სცენარია განხილული, მათ შორის, წერია, რომ სავარაუდოდ ქვეყანაში დაიწყება პროტესტი, რაც განსაკუთრებით გამწვავდება იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში ქართული ოცნება გაიმარჯვებს. მმართველი პარტია ანგარიშს ოპოზიციის გზამკვლევს უწოდებს და ამბობენ, რომ მათი ოპონენტები არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადებიან.

ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში თუკი არჩევნები სამართლიან და მშვიდ ვითარებაში ჩაივლის, აქციები არ იქნება. თუმცა, აქვე განმარტავენ იმასაც, რომ თითოეულ ხმას ნებისმიერი ფორმით დაიცავენ.

ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის, კონკრეტულად კი გირჩისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტის შინაარსი მოულოდნელი არ არის. მათი თქმით, ანგარიში ეყრდნობა იმ შეფასებებს, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საქართველოში მესამე სექტორთან და ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრაზე მოისმინეს.

სახელისუფლებო გუნდისთვის მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიცია დავალებებს უცხოური ძალისგან იღებს. დოკუმენტმა, ქართული ოცნების განმარტებით, გამოააშკარავა მათი ოპონენტების მიზანი - მოხდეს არეულობა და დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში ჯერ კიდევ 17 სექტემბერს გასაჯაროვდა. დოკუმენტში მათ შორის საუბარია იმაზეც, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, თბილისში ვიზიტად მყოფ მაკკეინის მისიის წარმომადგენლებს სთხოვდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დაეყენებინათ.

 

დღის ამბები