23 ნოემბერი 2024,   16:05
ვრცლად
ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესისხლხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება - შალვა პაპუაშვილი 

ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესისხლხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება. თუ მას ერთ მათგანს მაინც გამოაცლი, ისე დაკარგავს თავის არსსა და სიდიადეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თელავში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"საქართველო ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირველესი აკვანია. ჩვენ ვართ თანაშემოქმედები იმისა, რომ მიწათმოქმედება, მევენახეობა, ქრისტიანული რწმენა ევროპულ იდენტობაში ჩაიქსოვა. ამ დღეებში ჩვენ აღვნიშნეთ 400 წელი წმ. ქეთევან დედოფლის მარტვილობიდან, რომლის წმინდა ნაწილებიც ალავერდის მონასტერშია დაკრძალული. მისმა რწმენის სიმტკიცემ და პირველ ქრისტიანთა მსგავსმა მოწამეობრივმა აღსასრულმა მაშინდელი ევროპა იმდენად შეძრა, რომ, მართლმადიდებლობისთვის წამებული, კათოლიკური ეკლესიისთვისაც ქრისტიანობის მაგალითი გახდა.

ასეთი ისტორიები არის მოწმე იმისა, რომ ჩვენ კი არ შევდიოდით ან გვიღებდნენ ევროპაში, არამედ, სხვებთან ერთად, თავად ვქმნიდით და ვიცავდით ევროპას.

დღესაც, ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება უნდა იყოს არა მითითებების უსიტყვოდ შესრულება, რომელსაც სამყაროში ვერგარკვეულ ქვეყანას წაუყენებ, არამედ ეს უნდა იყოს ორმხრივი გზა. გზა ურთიერთშესწავლის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთმიღების, და არა შერწყმის და ჩაკარგვის.

ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესისხლხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება. თუ მას ერთ მათგანს მაინც გამოაცლი, ისე დაკარგავს თავის არსსა და სიდიადეს, როგორც ერთხმაგამოკლებული კახური მრავალჟამიერი,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები