23 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
78 წლის ამერიკელი ექიმის კაბინეტში საიდუმლო საძინებელი აღმოაჩინეს (ვიდეო)

აშშ-ში, 78 წლის ექიმის სამედიცინო კაბინეტში, ტეილორის პოლიციამ საიდუმლო ოთახი იპოვა. მედიის ინფორმაციით, ჩხრეკას წინ ყოფილი პაციენტების ბრალდებები უძღოდა - ისინი ექიმს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

FOX 2-მა გაავრცელა კადრები, როგორ გამოჰყავთ ექიმი პოლიციელებს შენობიდან.

"შოკირებული ვარ", - ეუბნება ის ჟურნალისტს. დაკავებულის თქმით, ცუდი არაფერი ჩაუდენია.

ვიდრე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული, გახმაურებული საქმის ცენტრში აღმოჩნდებოდა, ნევროლოგს კლინიკის ათასობით პაციენტისთვის ტკივილგამაყუჩებლის გადაჭარბებული რაოდენობით გამოწერაში ადანაშაულებდნენ.

გარდა ამისა, ბრალს სდებდნენ, რომ პაციენტებს მკურნალობის არასაჭირო კურსს უნიშნავდა, რათა თაღლითურად დაუფლებოდა სადაზღვევო თანხებს.

როგორც მედია წერს, ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პოლიციის დეპარტამენტში შევიდა არაერთი ზარი - მოქალაქეებმა სამართალდამცველებს კაცის მხრიდან ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე აცნობეს.

გამომძიებლები მედიასთან ჯერ მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ექიმის კაბინეტში ნამდვილად იპოვეს საიდუმლო საძინებელი, თუმცა დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, არ საჯაროვდება.

დაკავებული ბრალის წარდგენას ელოდება.

დღის ამბები