23 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
მშვიდობის შეთავაზება აფხაზებსა და ოსებს მსოფლიოს ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან - პრემიერ-მინისტრის რანგში, ირაკლი კობახიძის პირველი მიმართვა გაეროში

პრემიერ-მინისტრის რანგში, ირაკლი კობახიძის პირველი მიმართვა გაეროს მთავარი ტრიბუნიდან - მთავრობის მეთაურმა გლობალური გამოწვევების, კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კრიზისების ფონზე, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონულ და ევრაზიულ კონტექსტში წამყვანი პოზიცია აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასია შესაძლებლობების რეგიონად იქცეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი აძლევს. ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული ერების ასამბლეაზე შეკრებილებს ის საერთაშორისო რეიტინგები გააცნო, რომლებიც საქართველოს წინსვლას ასახავენ. კორუფციის კონტროლი, კანონის უზენაესობა, ღია ბიუჯეტისა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, სადაც საქართველო,  ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, წამყვან პოზიციაზეა.

ირაკლი კობახიძემ გაეროს მთავარი ტრიბუნიდან ახსენა ქვეყნის ოკუპაცია და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს მიმართა.

ხიდების აღდგენასთან ერთად, პრემიერის განმარტებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ირაკლი კობახიძემ მკაფიოდ განაცხადა, რომ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, საქართველო გეგმავს, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას - ამის შესახებ პრემიერმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა. ლიდერები მშვიდობისთვის - ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა, სადაც მთავრობის მეთაურმა, თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის მისაღწევად, საქართველოს კონტრიბუციაზე ისაუბრა.

 

დღის ამბები