23 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
ძველი სახეები დაპირებული განახლების ნაცვლად - მმართველი გუნდი ოპონენტების საარჩევნო სიებს კონკურენტუუნაროს უწოდებს

ძველი სახეები დაპირებული განახლების ნაცვლად - მმართველი გუნდი ოპონენტების საარჩევნო სიებს კონკურენტუუნაროს უწოდებს. მას შემდეგ, რაც გახარია-ხაზარაძის ერთობა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მედიაციის მიუხედავად, ვერ შედგა, ყოფილმა ბანკირმა საკუთარი გუნდი ექსპრეზიდენტ მარგველაშვილით გააძლიერა, ექსპრემიერმა კი სიის ხუთეულში ყოფილი ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური დაასახელა. გახარიას განახლებულ გუნდში "ქართულ ოცნების" სხვა ყოფილი სახეებიც მოხვდნენ. ერთადერთი, ვინც პირობა მიიღო, თუმცა შემდეგ თამაშს მიღმა დარჩა, გიორგი ქობულიაა. 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ის გახარიას ენდო, თუმცა მან მოატყუა, რის გამოც მათი თანამშრომლობის შესაძლებლობა სამუდამოდ დაიხურა.

სახელისუფლებო გუნდში გახარიას ქმედება არ უკვირთ. ამბობენ, რომ ექსპრემიერი პოლიტიკაში მხოლოდ სუბიექტური მიზნებით ოპერირებს. "ქართული ოცნებისთვის", "ლელოსა" და "საქართველოსთვის" საპარლამენტო სიები ადასტურებს იმასაც, რომ ოპოზიციას საზოგადოებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს. 

კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ "ლელოსა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები. სცადეს, აეხსნათ, რა კრიტერიუმით მოხვდნენ ხელისუფლების ყოფილი წევრები მათ სიაში და რა სიახლის შეთავაზება შეუძლიათ ოპოზიციის ამომრჩევლისთვის.

კოლეგები მწვავედ გააკრიტიკეს დღეს "გირჩში". პოლიტიკური ცენტრიდან გიორგი მარგველაშვილს განათლების მინისტრობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ ოპოზიციამ მმართველი გუნდის ყოფილი და ყველაზე ოდიოზური სახეები დაიმატა, რაც წარმატების შანსებს ამცირებს.

უმრავლესობის თქმით, ხაზარაძემ და გახარიამ ვადაგასული პოლიტიკოსები დაიმატეს, რომელთა წარსული საქმიანობა "ოცნების" რიგებში გამორჩეულად დამაზიანებელი და ანტისახელმწიფოებრივი იყო.

საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვე რჩება. დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო სიები უკვე ოფიციალურად ჩააბარეს.

 

 

დღის ამბები