23 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
"რაჟდენ კუპრაშვილმა გადალახა ყველანაირი კანონიერი ზღვარი და გამოხმაურებებიც სრულიად კანონიერია" - თამარ კორძაია სენატორების მხარდამჭერ წერილზე

აღიარება და კიდევ ერთი დასტური, რომ ეკა გიგაური გარე ძალების მითითებით მოქმედებს - ასე აფასებენ მმართველ გუნდში სენატორების მხარდამჭერ წერილს. ერთობლივ განცხადებაში ბენ კარდინი, ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი წერენ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი, 12 სექტემბერს, სენატში გამოსვლის გამო ისჯება.

"შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "აირჩიე ევროპა" "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციებად" განისაზღვრნენ. არაკეთილსინდისიერია, რომ ეკა გიგაური ისჯება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე თავისი ბოლო გამოსვლის გამო" - წერენ სენატორები.

საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციურ პარტიებშიც. პარლამენტის წევრის, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ყველანაირი კანონიერი ზღვარი გადალახა და ის აუცილებლად მოხვდება სანქცირების ქვეშ.

"რაჟდენ კუპრაშვილმა გადალახა ყველანაირი კანონიერი ზღვარი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი პირი იქნება, რომელიც მოხვდება სანქცირების ქვეშ. რაჟდენ კუპრაშვილმა დემოკრატიას გამოაცალა საფუძველი და, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, გამოხატვის თავისუფლების დასაცავად რომ ვიბრძვი, აი, ამას დაარტყა რაჟდენ კუპრაშვილმა თავისი გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, გამოხმაურებებიც სრულიად კანონიერია", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ისინი აუცილებლად შექმნიან ახალ ანტიკორუფციულ სამმართველოს.

"ეს რაღაც უწყებაა, რომელიც დასდევს თავისუფალ ხალხს და თავისუფალ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ჩვენ აუცილებლად შევქმნით დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სამმართველოს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები