23 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსი ბოლო 11 წელში 21 პუნქტით გაუმჯობესდა

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქართველოს პროგრესს, ხელისუფლების სწორ რეფორმებს უკავშირებენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზის" კვლევებით ირკვევა, რომ 100%-იანი სისტემით ქვეყანამ 82% დაიმსახურა. რეიტინგის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველომ, მსოფლიოში მეექვსე, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ბანკის ინდექსი, მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტურ ხელმისაწვდომობას იკვლევს. შეფასების მიხედვით, 11 წლიან პერიოდში საქართველომ მონაცემები 21 პუნქტით გაიუმჯობესა. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გამოქვეყნებული ინდექსების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიციის ნაწილი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ახალი მაჩვენებლებით საქართველო რეიტინგში ევროკავშირის კანდიდატ, ნატო-ს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უსწრებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2013 წლიდან ახალი ისტორიული მაქსიმუმის დაფიქსირებით, ქვეყანამ რეგრესის 17 წლიანი პერიოდი დაასრულა.

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს 175 ქვეყანა შეისწავლა.

დღის ამბები