23 ნოემბერი 2024,   17:04
ვრცლად
"ქართველი ხალხის აქტის" განხილვა სენატში და შესაძლო სანქციები - " ქართული ოცნება" საქართველოს არჩევნებში უხეშ ჩარევაზე საუბრობს

სენატში დაგეგმილ განხილვას, რომელიც "ქართველი ხალხის აქტის" ფარგლებში უნდა გაიმართოს, საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევის უხეშ მცდელობად აღიქვამს. იმ ფონზე, როდესაც არჩევნებამდე თითქმის 1 თვეა დარჩენილი, კონგრესში ეკა გიგაურის მოსმენა, "ამერიკის ხმის" მიერ სავარაუდო სანქციებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია და 25 სექტემბერს დაგეგმილი მოსმენა - მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური შანტაჟის მაგალითია.

ვაშინგტონში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ. ეკა გიგაურმა, დღეს, მორიგ დაანონსებულ განხილვაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მესამე სექტორიდან თემაზე მხოლოდ უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა. ყოფილი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სანქციებზე და ფინანსური დახმარებების შეჩერებაზე საუბარი, წინასაარჩევნო პროცესზე გავლენას არ ახდენს.

აშშ-ის მხრიდან სანქციებზე და სავარაუდო შეზღუდვებზე საუბარი, წინასაარჩევნოდ დემოკრატიული პროცესის ნაწილად მიაჩნია ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა ძალამ საკუთარი ქმედებებით სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მსგავსი მიდგომები დაიმსახურა.

წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ოპოზიციის ნაცვლად აშშ-დან მაღალჩინოსნები ატარებენ - ასეთია სახელისუფლებო პარტიის ლიდერების პოზიცია. "ქართულ ოცნებაში" სენატორების ნაწილისა და ოპოზიციის ხედვები რომ თანხვედრაშია, არ უკვირთ. ამბობენ, რომ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური კლასის სისუსტე, მათ ლობისტებს არჩევნებში უხეშად ჩარევას აიძულებს.

სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა ორ დღეში გაიმართება. "ქართველი ხალხის აქტი" ორპარტიული მხარდაჭერით სენატორმა ჯინ შაჰინმა მიმდინარე წლის მაისში დაარეგისტრირა. აქტი შინაარსობრივად სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ პირებისთვის, ვისაც აშშ დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულებს.

დღის ამბები