თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომელი საერთაშორისო თაღლითურ სქემას შიფრავს. 28 წლის მამაკაცმა ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის ორწლიანი სასჯელი გერმანიაში ერთხელ უკვე მოიხადა, ახლა კი ქართველი სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად ჰყვება, როგორ ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.
გერმანიის, სლოვენიის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ათი ათასობით ევროს დაბანდებას ყალბ საინვესტიციო პლატფორმებში სთავაზობდნენ, რეალურად კი მილიონები დაჯგუფების საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა.
კომპანიის მფლობელები, ვისზეც ქოლ-ცენტრის თანამშრომელი საუბრობს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან. დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორი დავით თოდუა და ნათესავი - ელდარ ბინიაშვილი თაღლითური ქოლ-ცენტრების მთავარ ფიგურანტებად პროკურატურამ ოფიციალურად დაასახელა. არცერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ საგამოძიებო ორგანომ კეზერაშვილის გარემოცვაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
უკვე ძებნაში მყოფ დავით თოდუას და ელდარ ბინიაშვილს ერთი ადვოკატი ჰყავთ. უფლებადამცველი ბრალდებულების ურთიერთკავშირზე არ საუბრობს, თუმცა საერთო ინტერესებზე მეტყველებს დოკუმენტები. თბილისში მდებარე ელიტარულ კორპუსში ძვირადღირებული სახლის მფლობელი ახლა დავით თოდუაა, თუმცა ქონება 2024 წლის მაისამდე ელდარ ბინიაშვილზე იყო რეგისტრირებული. ამავე კორპუსში ძვირადღირებულ სახლს და ტერასას ფლობს დავით კეზერაშვილის მეუღლეც. დოკუმენტებით დასტურდება ისიც, რომ დავით თოდუა კეზერაშვილთან ერთად ფლობს არაერთ ბიზნესს უკრაინაში.
"კურიერი P.S." საგურამოში იმ მისამართზეც იმყოფებოდა, სადაც ძებნილი დავით თოდუა ძვირადღირებულ ვილას ფლობს. გვერდით მდებარე ასევე მდიდრული ქონება ელდარ ბინიაშვილის ოჯახის საკუთრებაა. სახლს უცხო პირებისგან დიდი ოდენობით სამეთვალყურეო კამერები იცავს. სად იმყოფება ამჟამად დავით თოდუა - ადგილზე ჩვენთან საუბარი არ ისურვეს და ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვეს.
სასამართლომ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს და ახლო ნათესავს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დამატებით, ხელბორკილები დაადეს ქოლ-ცენტრში დასაქმებულ სამ პირს. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი სულთანიშვილი და სოსო გადელია თაღლითური დაწესებულების უცხოენოვან დეპარტამენტში მუშაობდნენ და უშუალოდ კურირებდნენ ევროპელი პენსიონერებისგან რაც შეიძლება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას. ქოლ-ცენტრის მუშაობის უსაფრთხოებას და სრულ კონსპირაციას კი ქსნის ციხის ყოფილი დირექტორი მერაბ არობელიძე უზრუნველყოფდა.
მრავალმილიონიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. იქნება თუ არა შემდეგი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი? პროკურორი ამას არ აკონკრეტებს, თუმცა გვიდასტურებს, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ანგარიშიდან დიდი ოდენობით თანხები დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის ანგარიშებზე ჩაირიცხა.
ვის ეკუთვნის რეალურად საქართველოში, უკრაინასა და ალბანეთში ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალური ქსელი? საერთაშორისო გამოძიება გრძელდება. ევროჯასთის ეგიდით დაპატიმრებების სერია, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება.