23 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - პეიჯერების აფეთქებით დაწყებული კვირა, ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო თავდასხმით დაასრულა

პეიჯერების აფეთქებით დაწყებული კვირა ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო თავდასხმით დაასრულა. სამხედრო ავიაციამ სამიზნეში “ჰეზბოლას” შეკრების ადგილი, დაჰიეს უბანი ამოიღო. დაიჭრა 68, დაღუპულია 31 ადამიანი, მათ შორის ტერორისტული დაჯგუფების 2 მეთაური, აჰმედ ვაჰბი და იბრაჰიმ აკილი, რომლის ელიტური დაჯგუფებაც ბოლო წლებში ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ სპეცოპერაციებში აქტიურად იყო ჩართული.

ლიბანიდან პასუხი ჯერ არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ტრადიციულად ნასროლ ასობით რაკეტას,რომელსაც "რკინის გუმბათი" ჯერჯერობით წარმატებით იგერიებს. ცეცხლი იყო გოლანის მთაზეც. თუმცა კიდევ უფრო მეტად ახლა ლიბანელები შიშობენ, მას შემდეგ რაც ერთ წამში “მოსადმა” 4000 პირის პეიჯერისა და გადამცემის აფეთქება შეძლო, მოსახლეობა ელექტრონულ მოწყობილობებს ეჭვის თვალით უყურებს და თან აღარ ატარებს.

ისრაელთან ომში "ჰეზბოლას" უკან ირანი დგას, რომლის პრეზიდენტმაც მიკროაფეთქებებისას დაშავებული ლიბანელები თეირანში მიიღო და მოინახულა კიდეც. ირანი ჯერ დუმს,თუმცა იზრდება იმის შანსი, რომ “ჰეზბოლასა” და ისრაელს შორის ერთწლიანი რაკეტების გაცვლა მასშტაბურ ესკალაციაში გადაიზარდოს. “უილ სტრიტ ჯორნალი” წერს, რომ ვაშინგტონს ლიბანში სახმელეთო შესვლის პერსპექტივა აშინებს. თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, აშშ ისრაელის ძლიერ პარტნიორად რჩება,თან რეგიონში სულ ახლახან სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობაც 50 ათასამდე გაზარდა. თუმცა ისრაელი საერთაშორისო კრიტიკის სამიზნედ რჩება, განსაკუთრებით კი გაეროში.

თუმცა ჩანს რომ მხარეები ამას არ აპირებენ. ისრაელს უკვე გაცხადებული აქვს ომის ახალი ფაზა, რომელმაც ბევრის ვარაუდით შესაძლოა ღაზადან ლიბანისკენ გადაინაცვლოს. ისრაელს მეზობლის საზღვრიდან ათობით ათასობით ადამიანი ჰყავს ევაკუირებული და უკან სურს დააბრუნოს. ლიბანშიც იგივე სიტუაციაა, “ჰეზბოლამ” კი უკვე თქვა, რომ წითელი ხაზები გადაკვეთილია და ისრაელის ეს ნაბიჯი ომის გამოცხადებად მიიღო.

“ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, მოსადის მიერ ნაწარმოები პეიჯერებისა და გადამცემების ოპერაცია წლების წინ დაიგეგმა და ამისათვის ისრაელის დაზვერვამ ყალბი კომპანია შექმნა, რომელიც “ჰეზბოლას” აქტიურ მიმწოდებლად იქცა, რადგან ტერორისტული ორგანიზაცია ტელეფონებს უფრთხოდა. ამ უპრეცედენტო ოპერაციას ბოლო ცნობებით 37 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ტერორისტებიც,თუმცა მცირეწლოვანი ბავშვებიც.დასახიჩრდა 2600 პირი.

დღის ამბები