ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები გათანაბრდა, რაც გარანტირებულად მოგების იმედს არც კამალა ჰარისს და არც დონალდ ტრამპს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ჰარისი მნიშვნელოვან, მერყევ შტატში - პენსილვანიაში 4%-ით დაწინაურდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში, ორივე კანდიდატის შანსები თანაბარია.
დონალდ ტრამპსაც და კამალა ჰარისსაც 47% აქვთ. დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო საკითხი აბორტის თემაა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი აქტიურად იყენებს ადმინისტრაციის მიერ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვერ მიღწეულ შეთანხმებას და თელ ავივს კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ მის გარეშე ისრაელი არსებობას დაასრულებს.
ვიდრე დონალდ ტრამპი ისრაელის თემის გამოყენებით დამატებითი ხმების მოპოვებაზე მუშაობს, ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ პრეზიდენტის მიერ მომზადებულ გეგმა, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაზე, ისევ რეალურია.
კამალა ჰარისთან დებატების დროს დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ოჰაიოს ქალაქ სპრინგფილდში, ჰაიტელი იმიგრანტები ძაღლებს და კატებს ჭამენ, სოციალურ ქსელებში ჯერ საყოველთაო მხიარულება, თუმცა მოგვიანებით კანდიდატის მიმართ კანონმდებლების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ჰაიტის საკითხებზე მომუშავე ქვეკომიტეტმა კაპიტოლიუმის ეზოში ბრიფინგი მოიწვია და ტრამპის განცხადებები დაგმო.
საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამერიკის ბევრ ქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული. მილიონობით დოლარი იხარჯება ფედერალური და ადგილობრივი ფონდებიდან, რათა საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა ორმაგი ღობით, კამერებით, განგაშის ღილაკებით დაცულ და ტყვიაგაუმტარი ფანჯრებით გამაგრებულ შენობებში ხმების უპრობლემოდ დათვლა შეძლონ.
ეს პროტესტი ჯორჯიის შტატის საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, 5 ნოემბერს ბიულეტენები ხელით დათვალონ. მილიონობით ბიულეტენის დასათვლელად დიდი ადამიანური რესურსის მობილიზება გახდება საჭირო. ტრამპის ოპონენტები შიშობენ, რომ კოლეგია შედეგების სერტიფიცირებას დააგვიანებს ან მასზე უარს იტყვის, რაც ჯორჯიაში ახალი ქაოსის მიზეზი გახდება. კოლეგია კი, რომელშიც ტრამპის მომხრეები უმრავლესობას შეადგენენ მიიჩნევს, რომ არჩევნები ასე უფრო დაცული იქნება. 2020 წელს ტრამპმა ჯორჯია 12.000 ხმით წააგო, რასაც მისი მწვავე პროტესტი, შედეგების არცნობა და საბოლოოდ კანდიდატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოჰყვა.