23 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"გვინდა განაცხადის შეტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, მასპინძლობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის იმიჯის გაძლიერებას" - ირაკლი კობახიძე 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, 70 000 მაყურებელზე გათვლილი ბრიტანული სტილის სტადიონის მშენებლობაზე ისაუბრა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც ფეხბურთისთვის, ასევე რაგბისთვის.

"ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რითაც ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ სპორტის განვითარებას. ეს სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც ფეხბურთისთვის, ასევე რაგბისთვის. საუბარი გვაქვს 70 000 მაყურებელზე გათვლილ, ბრიტანული სტილის სტადიონზე. ასეთი ტიპის სტადიონზე ყველაზე დიდი მუხტი იქმნება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ საუბარია თბილისის მიერ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რომლის შესახებაც განაცხადის შეტანა იგეგმება.

"გარდა სტადიონისა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა განაცხადის შეტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, გამონაკლისების დაშვება ხდება, მაგრამ სტანდარტია ის, რომ 70 000 მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი სტადიონი, რომელიც უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს. თბილისის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ნიშნავს იმიჯის გაძლიერებას არამარტო სპორტული კუთხით, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯის გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, ვფიქრობ, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი ძალიან დიდი იქნება. მიდის ამაზე ბიუჯეტის დაზუსტება.

იცით რამხელა მოთხოვნაც არის, დინამოს სტადიონიც ვერ აუდიოდა იმ მოთხოვნას, რომელიც გულშემატკივრის მხრიდან იყო. დინამო დაახლოებით 50 000 მაყურებელს მასპინძლობს. ამ პროექტის განხორციელებაზე აქტიურად ვმუშაობთ - ქვეყანას ახალი, თანამედროვე სტადიონი უნდა ჰქონდეს. ჩვენი გეგმაა ის, რომ შემდეგო 4 წლის განმავლობაში და მოგვიანებითაც, ვიზრუნოთ ასევე შედარებით მცირე სტადიონების განვითარებაზე. მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

ფეხბურთის გარდა, ყველა სპორტის სახეობას ეხება ეს ყველაფერი. გვჭირდება რაც შეიძლება მეტი სპორტული დარბაზი და საცურაო აუზი. გვინდა პერსპექტივაში უზრუნველვყოთ ის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს სრულად გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ბიუჯეტთან. ჩვენ პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი და შესაბამისად ყველაფრის გაკეთება 4 წელიწადში შეუძლებელია. მთავარია გვქონდეს გეგმა, რომელსაც წლიდან წლამდე მივყვებით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rustavi2.ge/ka/video/81696?v=2

დღის ამბები