საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სპორტსმენების წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წახალისება განსაკუთრებულ როლს ასრულებს და დამატებით მოტივაციას ქმნის.
ასევე, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში გულშემატკივრობის კულტურა დღეს ბევრად წინ არის წასული, რასაც სპორტსმენის წარმატებაში განუზომელი როლი აქვს:
"ჩვენს სპორტსმენებში იმდენად დიდია მოტივაცია, მათ, რა თქმა უნდა, ფინანსური წახალისებით არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ მაინც ვიცით რომ ნებისმიერ სფეროში და მათ შორის სპორტშიც, ასეთი წახალისება ასრულებს განსაკუთრებულ როლს და დამატებით მოტივაციას ქმნის. პრემიები მთავრობასაც ჰქონდა გამოყოფილი ფეხბურთელებისთვის და ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ისეთი პრემია, რაც არცერთ ნაკრებს არ მიუღია, ვგულისხმობ ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებებს. ანალოგიურად, სხვა სპორტის სახეობებშიც მაქსიმალურად ვცდილობთ წავახალისოთ ისინი ყველა მიმართულებით. ამას უკავშირდება ჩვენი ოლიმპიელების, პარალიმპიელების მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სტიმული შენარჩუნდეს და მაქსიმალურ შედეგებზე იფიქრონ ჩვენმა სპორტსმენებმა. შესაბამისად, ამ მიმართულებით მომავალშიც აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ სპორტის წახალისება. მეტი და მეტი უნდა გაკეთდეს.
ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს კალათბურთელებმაც, რომლებიც პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ და იქაც მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის გავიდნენ. თუმცა, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ცოტა დაგვეჩაგრა კალათბურთი, ესეც უნდა გამოვასწოროთ. ასევე, წყალბურთს ჰქონდა ძალიან დიდი წარმატება, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ, ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და იქაც 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ასევე, ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და ისტორიული თამაში მოიგეს და ჩვენმა მორაგბეებმა პირველად მოუგეს 6 ერის გუნდებს. ყველა მიმართულებით პროგრესირებს ჩვენი გუნდი და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ყურადღება, ყველგან არის საჭირო.
ზოგადად, სპორტის დაფინანსება ბოლო 12 წელიწადში სამჯერ არის გაზრდილი, თუმცა აქ არ უნდა შევჩერდეთ. მე მახსოვს, 90-იან წლებში და მერეც, ისეთი მუხტი და კულტურაც არ იყო. გულშემატკივარს სპორტსმენის წარმატებაში განუზომელი როლი აქვს. ისიც კარგია, რომ გულშემატკივრობის კულტურა დღეს ბევრად წინ არის წასული, ვიდრე იყო 20-30 წლის წინ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.