23 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ქინქლაძე, არველაძეები, კობიაშვილი და კალაძე - რომელი ფეხბურთელები გამოარჩია პრემიერმა 90-იანი წლების ქართველი ფეხბურთელებიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, 90-იანი წლების ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მაშინ საქართველოს არაერთი გამორჩეული ტალანტი ჰყავდა. ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებულად გამოარჩია გიორგი ქინქლაძე, ძმები არველაძეები, ასევე, ლევან კობიაშვილი და კახა კალაძე.

"მე მაინც ვიტყოდი, რომ 90-იანი წლები განსაკუთრებულად ემოციური იყო, რადგან ამ წლებში ფეხს იდგამდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მაშინ ჩამოყალიბდა საქართველოს პირველობა, საქართველოს ჩემპიონატი და ნაკრებმა პირველი ოფიციალური თამაში ითამაშა 1994 წელს. ის თაობაც გამორჩეული იყო, ყველას გვახსოვს იმ თაობის ფეხბურთელები, განსაკუთრებით გვახსოვს პირველი საკვალიფიკაციო ტურნირი, სადაც ძალიან კარგად ითამაშა ნაკრებმა - ბულგარეთს მოვუგეთ სახლში, უელსს მოვუგეთ 2 თამაში. 90-იანებში პირველი ნაბიჯები იდგმებოდა და ცოტა იღბალიც დაგვაკლდა. საბოლოო ჯამში, შეიძლებოდა წარმატების მიღწევა, თუმცა ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც, სამწუხაროდ, მაშინ იმხელა წარმატებას ვერ მივაღწიეთ, რასაც დღეს ვაღწევთ. თუმცა, დღეს ყველა მიმართულებით ვართ ბევრად უფრო წინ, ვიდრე ვიყავით 90-იანებში, რაც ყველას გვახარებს.

რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს - ყველას გვახსოვს პირველი თაობა და მაშინდელი გამორჩეული ტალანტები: გიორგი ქინქლაძე, რომელიც თავისი თამაშის სტილით აბსოლუტურად გამოირჩეოდა, წარმოუდგენელი ტალანტი იყო, არველაძეების თამაში ყველას გვახსოვს. პირველი ნაკრების თამაში განსაკუთრებით ემოციურად მახსენდება, რადგან ნაკრების პირველი ნაბიჯები იყო და ამ ბიჭებს განსაკუთრებული წვლილი აქვს, საბოლოო ჯამში იმ წარმატებაში, სადამდეც დღეს მოვედით. ვინც პირველი თამაშები ითამაშა ნაკრებში, მათ განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში.

არ მინდა პოლიტიკურ მიკერძოებაში ჩამითვალოთ, მაგრამ კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც უკვე შემდეგ აქვთ ძალიან დიდი წვლილი შეტანილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში. კახი კალაძე არის ადამიანი, რომელსაც ორი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ასეთი შედეგით, ჩვენზე დიდი ქვეყნებიც კი. რა თქმა უნდა, უამრავი ფეხბურთელია, რაც ძალიან თბილად გვახსენდება გულშემატკივრებს," - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rustavi2.ge/ka/video/81696?v=2

დღის ამბები