23 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
"ქართველები განსაკუთრებული საფეხბურთო ნიჭით არიან დაჯილდოებულები და სწორედ ეს ნიჭი გამოვლინდა ამ თაობაში, უკვე უმაღლეს დონეზე ათამაშდა მთელი გუნდი" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ქართული ფეხბურთის ფსიქოლოგიაზე ისაუბრა.

ასევე კითხვაზე, დღესაც რომ სპორტულ ჟურნალისტიკაში იყოთ როგორი შინაარსის სტატიას დაწერდით - ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ პირველ რიგში ის ემოციები გაახსენდებოდა, რაც საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ საფეხბურთო წარმატებას უკავშირდება:

"პირველ რიგში მახსენდება ის ემოციები, რაც ჩვენს ბოლოდროინდელ საფეხბურთო წარმატებას უკავშირდება და ალბათ შესაბამისად ემოციურიც იქნებოდა ეს სტატია. ქართველები განსაკუთრებული საფეხბურთო ნიჭით არიან დაჯილდოებულები და სწორედ ეს ნიჭი გამოვლინდა ამ თაობაში, რომელმაც უკვე ძალიან დიდი წარმატება გვაჩუქა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც დიდ წარმატებას გვაჩუქებს. თანდათან ვითარდება ჩვენი ნაკრები, მთავარია ამ ყველაფერს ხელი შევუწყოთ. ვხედავთ რომ ბიჭები ყველაფერს დებენ გამარჯვებაში და მუდმივი ზრდა გვაქვს.

ქრონოლოგიურად გამოვყოფდი პირველ რიგში გიორგი ჩაკვეტაძეს, პირველი წარმატება სწორედ მისმა გოლებმა მოგვიტანა, როდესაც ჯერ კიდევ D ლიგაში ვიყავით. მერე კი, ვისაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ნაკრების წარმატებაში ბოლო წლებში, ბუნებრივია არის ხვიჩა კვარაცხელია. მთავარი ის არის, რომ ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას გარდა, უკვე მთელი გუნდი ათამაშდა უმაღლეს დონეზე, რაც იმის დამსახურებაა, რომ გამარჯვების რწმენა გაჩნდა. დღეს კი ყველა ვხედავთ ამ განსაკუთრებულ ძალას ჩვენს ნაკრებში. მთავარია ამ მიმართულებით, განვითარების პროცესი სწორად გაგრძელდეს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rustavi2.ge/ka/video/81696?v=2

დღის ამბები