23 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
რანაირი ძლევამოსილი სახელმწიფოც არ უნდა იყოს, ჩვენთვის მიუღებელია უფროსი ძმის პოზიციებიდან ვიღაც გვესაუბრებოდეს - გივი მიქანაძე აშშ-ის სანქციებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე პარტნიორებთან ურთიერთობების ეტაპსა და აშშ-ის სანქციებზე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს. მიქანაძის თქმით, მიუღებელია პარტნიორებისგან "უფროსი ძმის პოზიციებიდან" საუბარი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი პოზიტიური დღის წესრიგისა და ურთიერთობების გადატვირთვისთვის, თუმცა, საპასუხოდ, უსამართლო განცხადებებს იღებს.

"რაც გამოკვეთილად შეიძლება ითქვას, ეს არის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, ღირსეული ლიდერის პოზიცია, რაც ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ინტერესდებიან გამომდინარე ეს კონკრეტული ნაბიჯი გადადგა და იმ განცხადებას, რაც ამ შეხვედრის[რობინ დანიგანთან შეხვედრა] დროს გაჟღერდა.

შეუძლებელია რანაირი დიდი სახელმწიფოც არ უნდა იყოს, რანაირი ძლევამოსილი სახელმწიფოც არ უნდა იყოს, ჩვენთვის მიუღებელი არის უფროსი ძმის პოზიციებიდან ვიღაც გვესაუბრებოდეს. არავისზე ნაკლები ეს ქვეყანა და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები არ არიან. ამიტომ, ყველასგან ვითხოვთ სამართლიან დამოკიდებულებას და მეტს არაფერს. სხვა მხრივ, ჩვენ გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან და ამერიკასთან ურთიერთობა ჩვენთვის არის განსაკუთრებულად პრიორიტეტული, მაგრამ ეს ვერ იქნება ცალმხრივად უზრუნველყოფილი. მით უმეტეს, რომ საქართველოს არ აქვს იგივე შესაძლებლობა, როგორც აშშ-ს. წლების განმავლობაში ჩვენ ვითხოვთ სამი კომპონენტის წინსვლას, რაზეც, სამწუხაროდ, არანაირი წინსვლა არ შეიმჩნევა. ეს არის სავიზო რეჟიმის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება და პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწესება.

ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი, როდესაც პრემიერმა არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები და მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულები პოზიტიურ დღის წესრიგზე. ჩვენი მხრიდან გამოთქვა აშკარა მზაობა იმისა, რომ ეს ურთიერთობები ნორმალიზაციისკენ წავიდეს და შემდგომში მაქსიმალურ დინამიკაში გადავიდეს, მაგრამ საპასუხოდ, როდესაც ჩვენ ვიღებთ სრულიად უსამართლო და უსაფუძვლო, ორმაგი სტანდარტის შემცველ განცხადებებს, ჩვენ გვიწევს ამაზე რეაგირება," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები