23 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
შედგება თუ არა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის შერიგება მესამე ცენტრის ფორმირებისთვის - ორბელიანის სასახლეში მხარეების მოლაპარაკება მიმდინარეობს

ხაზარაძის გუნდი გახარიას წინააღმდეგ - აქამდე ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებულები ბოლო ორ დღეში უკვე მესამედ, ერთი მაგიდის გარშემო დასხდნენ, თუმცა შეხვედრა დღესაც უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკება ჩიხშია. ირკვევა, რომ "ლელო" და მასთან გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტები ყოფილ პრემიერს კოალიციაში რიგით წევრობას სთავაზობენ, სხვებთან გათანაბრებული უფლებებით. დეტალებზე ლიდერები არ საუბრობენ, თუმცა ფაქტია, რომ მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას სასარგებლოდ გუნდის დარწმუნება ვერ შეძლო.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები "ლელოს" ოფისში დილიდან მსჯელობდნენ - რა ელექტორალურ შედეგს მოიტანდა ყოფილი ბანკირების და ყოფილი პრემიერის გაერთიანება. დახურული შეხვედრის დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ გახარიას გუნდთან გაერთიანებაზე კოალიციაში წინააღმდეგობა არავის ჰქონდა.

"ლელოს" ლიდერები ერთს ამბობენ, კოალიციის წევრები კი მეორეს. როგორც ჩანს, პარტიასთან ახლად შეერთებულებისთვის შეთანხმების პირობებზე მეტად მნიშვნელოვანი თავად გიორგი გახარიას პერსონალური ფაქტორია. ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში ირიბად, თუმცა მაინც მიანიშნა, რომ მისთვის გაერთიანება მიუღებელია. გახარიას გუნდისთვის კი მიუღებელი არაფერია, თუ არსებობს საერთო მიზანი.

ურთიერთბრალდებები ანაკლიის პროექტის გაჩერებაზე, 20 ივნისის მოვლენები, ე.წ. მუქარის წერილი - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის გამოც გახარია და ხაზარაძე ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ იშურებდნენ, თუმცა წინასაარჩევნოდ წყენების დავიწყება სცადეს. ამაზე ჯერ კიდევ გუშინ ისაუბრეს, როდესაც გაერთიანების ინიციატორის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენცია დატოვეს.

არადა ხაზარაძე გახარიასგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვდა და ამბობდა, რომ მასთან არა პერსონალური, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კითხვები ჰქონდა. ბრალს სდებდა რუსეთის ინტერესების გატარებაში, არ თვლიდა რეალურ ოპოზიციურ ძალად. ყოფილი პრემიერი კი, ყოფილ ბანკირს შანტაჟში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ "ლელო" განაცებისგან უნდა დაეხსნა. დღეს უკვე პოტენციური პარტნიორები წარსულში იმუქრებოდნენ, რომ ერთმანეთს ყველა სიტყვაზე პასუხს აგებინებდნენ. პოლიტიკურ არქივი არაერთ ასეთ გამონათქვამს ინახავს.

უპრინციპოთა მორიგი გაერთიანება - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი გახარია-ხაზარაძის ერთობას, რომელსაც მედიაციას სალომე ზურაბიშვილი უწევს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობით პრეზიდენტი ისევ კონსტიტუციას არღვევს.

გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის შერიგება, როგორც მესამე ცენტრის ფორმირება - ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააყენა. მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა.

დღის ამბები