23 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ოფიციალური თბილისი ვაშინგტონისგან განმარტებებს ითხოვს - ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამერიკული სანქციები კონტრპროდუქტიულია და მხოლოდ ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება

პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონისგან იმ კითხვებზე ითხოვს პასუხს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება. ოფიციალური თბილისი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებით ამერიკა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება და მომავალში, ნებისმიერმა მსგავსმა მოქმედებამ, შესაძლოა, ორი ქვეყნის ურთიერთობაში საქართველოს პოზიციის გადახედვა განაპირობოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის და ამერიკის ელჩის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იყო. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ რობინ დანიგანი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა. ამერიკელ დიპლომატს სანქციების დაწესების მიზეზებზე დეტალურად არც დღეს უსაუბრია. ზოგადად კი თქვა, რომ განცხადებები, რომელიც საქართველოს შტატებისგან აშორებს, სასარგებლო არცერთი მხარისთვის არ არის.

შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება რომ საქართველოს ინტერესია, ამაზე სახელისუფლებო პარტიაში კიდევ ერთხელ საუბრობენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე უფრო იმ მიზეზებით ინტერესდება, რატომ სურთ პარტნიორებს არსებული კავშირების მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა.

შტატებში მიღებული გადაწყვეტილების და განცხადებების მიღმა სახელისუფლებო გუნდი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხარდაჭერის ინტერესს ხედავს. ამბობენ, რომ ის ოპონენტების შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი. თუმცა, "ქართული ოცნების" კონკურენტებს შედეგს ვერ მოუტანს და ვერც მმართველ გუნდზე მოახდენს გავლენას. ოპოზიციის ნაწილი პარტნიორების მხარდაჭერას მიესალმება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის შტატებთან ბოლოდროინდელი დამოკიდებულება, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

კონკრეტული სამართალდამცველების მიმართ სანქციების დაწესება საპარლამენტო უმრავლესობისთვის არასამართლიანია. ამბობენ, რომ თავის დაცვის უფლების გარეშე ადამიანების დასანქცირება ანტიდემოკრატიულია. მმართველი გუნდი დღეს 2019 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებსაც იხსენებს, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდებას მოჰყვა. პოლიციამ აქცია წყლის ჭავლის საშუალებით დაშალა და 37 პირი დააკავა. მათ შორის, გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი. ნოემბრის მოვლენებს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების, შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ უფლებები არ დარღვეულა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, ფინანსური სანქცია საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ და ორ კერძო პირზე დაწესდა. საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ზვიად ხარაზიშვილზე, მის მოადგილე მილერ ლაგაზაურზე, ასევე, "ალტ-ინფოს" დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე.

დღის ამბები