ცენტრალური ევროპა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობისთვის ემზადება. ამის შესახებ BBC წერს. სტიქია შესაძლოა შეეხოს ავსტრიას, ჩეხეთს, პოლონეთსა და გერმანიას. სინოპტიკოსები ძლიერი ნალექს პროგნოზირებენ.
ავსტრიაში ქვიშის ტომრებს უკვე ამზადებენ, ჩეხეთში კი წყლის რეზერვუარები დაცალეს. ავსტრიაში, მთებში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და თოვლმა უკვე გამოიწვია პრობლემები მოგზაურებისთვის. კანცლერ კარლ ნეჰამერის თქმით, ქვეყანა მზად არის, სტიქიასთან გამკლავების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, 1000-მდე ჯარისკაცი გამოყოს. სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი ქარია მოსალოდნელი დედაქალაქ ვენაში.
უწყვეტ ძლიერ წვიმას ელოდებიან მოსაზღვრე გერმანიის შტატ ბავარიაში.
ჩეხეთის დედაქალაქში კი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ, წყალდიდობამ ისეთი ზარალი მიაყენოს ქვეყანას, როგორც ეს ორი ათეული წლის წინ მოხდა. ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ წყალდიდობას და მისგან მიყენებულ ზარალს თავს დააღწევენ.
უქმე დღეებზე მთელი ყურადღება გადატანილია ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ მორავიაზე, სადაც 1997 წელს მომხდარი წყალდიდობის დროს, 50 ადამიანი დაიღუპა.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ჩეხეთში, იესენიკის მთებში 400მმ-ზე მეტი რაოდენობის ნალექის მოსვლას ელოდებიან, საიდანაც წყალი უკვე მდინარე ოდრაში ჩაედინება, რომელიც თავის მხრივ, პოლონეთისკენ მიდის და გზად რამდენიმე ქალაქს გაივლის. პრაღაში მდინარე ვლტავას ნაპირებს ქვიშით სავსე ტომრებით უკვე ამაგრებენ.
ძლიერ წყალდიდობას ელოდებიან პოლონეთის სამხრეთით, ოთხ პროვინციაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვროცლავში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტები მოსალოდნელი წყალდიდობის გამო, დროებით გათიშეს.
პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, რომელიც წყალდიდობის საკითხზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგს დაესწრო, თქვა, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს.