23 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
9 წელი ძებნაში და ექსტრადირება საქართველოში - ალაპარაკდება თუ არა ბესიკ ხარძიანის მკვლელი და რა ვერსია აქვს მოკლული ბიზნესმენის ოჯახს

წითელი ცირკულარით ძებნილი ფარიდ გურბანოვი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთიდან, სპეცრეისით ჩამოიყვანეს. ბიზნესმენ, ბესიკ ხარძიანის მკვლელს, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალი, ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე გააცნეს. კილერს შეახსენეს, რომ ქართული მართლმსაჯულებით მას ანგარებით ჩადენილი მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ქართულმა მართლმსაჯულებამ, გურბანოვი ოთხივე ბრალში დამნაშავედ ცნო. მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. მსჯავრდებულის სტატუსით, ის დღეიდან, სასჯელს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის.

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემსრულებელი, ინტერპოლის მიერ 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი სამართალდამცველები, უცხოელ კოლეგებთან ერთად, გურბანოვის დასაკავებლად და შემდეგ უკვე მისი ექსტრადიციისთვის ინტენსიურად მუშაობდნენ.

კონსპირაციული ბინა, გაყალბებული დოკუმენტები და მსხვერპლზე თვალთვალი - შეკვეთილი მკვლელობის შესრულებამდე, ქილერი, თანმხლებ პირთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. ფარიდ გურბანოვმა 2015 წლის 28 მარტს ბესიკ ხარძიანი, მარაბდის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან, ჩასაფრებით მოკლა. მკვლელმა ბიზნესმენს სამი ტყვია ესროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო იყო. დანაშაულის სისრულეში მოყვანისთანავე, დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მოპედით გაიქცნენ და საქართველოს ტერიტორია იმავე დღეს დატოვეს. ქართველი სამართალდამცველები გურბანოვის თანამზრახველს, ამ დრომდე წითელი ცირკულარით ეძებენ. მკვლელობაში დახმარებისთვის, მას დაუსწრებლად, 19 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მკვლელობის შემსრულებლის ექსტრადიციით კმაყოფილია დაზარალებული მხარე. ხარძიანები ახლა მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ გამოძიება დამკვეთის კვალზე გავიდეს.

დანაშაულის მოტივზე და დამკვეთზე ხარძიანების ოჯახს საკუთარი ვერსია აქვთ, ის ვერსია, რომელიც ბიზნესმენის მკვლელობის დღესვე გავრცელდა. "კურიერთან" საუბრისას მოკლულის შვილი კონკრეტულ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. ქეთა ხარძიანი დარწმუნებულია, რომ მამის თავიდან მოცილება მხოლოდ კუს ტბის მეწილეებს - გია უდესიანს და რეზო ქურასბედიანებს სურდათ.

ყველა ბრალდება, რომელზეც ბესიკ ხარძიანის ოჯახი საუბრობს, უდესიანის ადვოკატისთვის საფუძველს მოკლებულია. ბექა ბასილაიას თქმით, არც რეზო ქურასბედიანს და არც მის დაცვის ქვეშ მყოფს შეკვეთილ მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ.

რეზონანსული საქმის ახალი დეტალები "კურიერმა" ჯერ კიდევ 2 თვის წინ გაარკვია. ექსკლუზიური ინფორმაციით, ფარიდ გურბანოვი, რომელმაც ბიზნესმენს სასიკვდილო ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა, თურქეთის ტერიტორიაზე იყო დაკავებული. ფაქტი "კურიერს" გენერალურ პროკურატურაშიც დაუდასტურეს.

ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები მკვლელობის შემკვეთის და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისთვის ინტენსიურად მუშაობენ.

დღის ამბები