23 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
საიდან მიიღებს საქართველო ოპოზიციის დაპირებულ 14 მილიარდს - მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო დაპირებას ტყუილს უწოდებენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ დღეს მედიასთან არ დაასახელა ფონდი, საიდანაც პარტიის საარჩევნო დაპირების მიხედვით, საქართველო 14 მილიარდი ევროს მიიღებს. თუმცა დღის ბოლოს, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ახსენა, რომ იგულისხმება "იპა" - გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტი. ევროკავშირის ამ პროგრამაში კი 14 მილიარდი არა ერთი, არამედ ათამდე ასპირანტი ქვეყნისთვის არის გაწერილი, თუმცა მათ შორის არ არის არც უკრაინა და არც მოლდოვა, რომელთაც გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები უკვე გახსნილი აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისგან განსხვავებით გიორგი ვაშაძე ამტკიცებს რომ 14 მილიარდის მობილიზებას არა ერთი - არამედ რამდენიმე ფონდიდან შეძლებენ. პარალელურად მხოლოდ 1 პროგრამაზე მიუთითა მისივე თანაგუნდელმა. პარტიაში ვერ პასუხობენ კითხვას, როგორ დათვალეს 14 მილიარდი მხოლოდ საქართველოსთვის, მაშინ როდესაც ევროკავშირის პროგრამაში ეს თანხა რამდენიმე ასპირანტი ქვეყნისთვისაა განსაზღვრული, თანაც კონკრეტული დათქმებით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ირწმუნებიან, რომ უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს ხელისუფლებასთან, მხოლოდ საჯარო დებატებში უპასუხებენ.

არაკომპეტენტური ოპოზიცია, რომელიც ტყუილებსაც იტყუება - ასე ეხმაურება სახელისუფლებო გუნდი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო დაპირებას. უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი ოპონენტები საზოგადოებას ასეთივე ცრუ მოლოდინებს უჩენდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც. ოპოზიციის მორიგ დეზინფორმაციაზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმაც.

14 მილიარდიანი დაპირება რომ მხოლოდ საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია, ამაზე საუბრობენ ოპოზიციის ნაწილში. პარტიებში ამბობენ, რომ 10-მდე სხვა ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარების წარმოჩენა მხოლოდ საქართველოსთვის მისაღებ პერსპექტივად, რეალობისგან რადიკალურად განსხვავდება.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია უსაფუძვლო დაპირებით იმ ეკონომიკური პროგრესის გადაფარვას ცდილობს, რომელსაც ხელისუფლებამ მიაღწია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიას ცრუ დაპირებებით ატარებს და დეზინფორმაციულ კამპანიაში უშუალოდ ევროკავშირის ჩართვასაც ცდილობს.

14 მილიარდიანი პროგრამა, რომელზეც ნაციონალური მოძრაობა აპელირებს, ევროკავშირს 6 წელზე აქვს გაწერილი. მისი ბენეფიციარები კი 2021 წლიდან უკვე არიან ალბანეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, კოსოვო, ჩერნოგორია, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.

დღის ამბები