23 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
გივი მიქანაძე გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებზე: მათი ერთადერთი მიზანია, მმართველ გუნდს ტალახი ესროლონ, დისკრედიტირებული არიან და ცდილობენ აბსურდული თეორიების შექმნას - ინფორმაცია ბუნტთან დაკავშირებით არ მქონდა, მივლინებაში ვიმყოფებოდი

"გასული დღეების განმავლობაში და დღეს განსაკუთრებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები, რომელიც, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს",  - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და "ციხის ბუნტის" თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სურს საზოგადოებას განუმარტოს, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლების  განცხადება, თითქოს, ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო, სრული სიცრუეა.

მისივე თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელება იმ დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტია, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, კომენტარი გავაკეთო ჭორიკანა პოლიტიკოსებზე, რომლებიც მოღალატე გახარიას მიეკედლნენ და ცდილობენ სრულიად აბსურდული ინფორმაციის გავრცელებას. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების მიმართ მაქვს უდიდესი პატივისცემა და არ მინდა რომ საზოგადოება შეცდომაში იყოს შეყვანილი, მინდა გავაკეთო საზოგადოებისთვის განცხადება იმის თაობაზე, რომ პირველ რიგში, მე არასოდეს დამიმალავს, რომ 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა, სრულიად დეზინფორმაციულია და სიმართლეს არ შეესაბამება არაერთი განცხადება, რომლებიც წლების განმავლობაში ისმის სხვადასხვა დროს, რომ თითქოს მე ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. არასოდეს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე მე არ ვყოფილვარ და ეს მარტივი გადასამოწმებელია. აქაც ჩანს ამ ადამიანების დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტი, რომელსაც ცდილობენ, რომ საზოგადოებაში მიზანმიმართულად გაავრცელონ", -  აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით,  ციხის ბუნტზე ინფორმაციას არ ფლობდა და ამ პერიოდში მივლინებაში იმყოფებოდა, რაც მარტივად გადამოწმებადია. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი მმართველი გუნდისთვის ტალახის სროლა და პირადად მისი დისკრედიტაციის მცდელობაა.

ამასთან, გივი მიქანაძემ, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასოდეს ვყოფილვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას - ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება. ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, იმდენად დისკრედიტირებული არიან, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობენ, რაღაც აბსურდული თეორიების შექმნას და ამით საზოგადოების მოტყუებას. მე მზად ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლო, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერი ჩემს გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჭორიკანა პოლიტიკოსების განცხადებას არ ვეხმაურები, მე უბრალოდ პატივს ვცემ ჩვენს საზოგადოებას და არ მინდა, რომ საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია იყოს გავრცელებული. არანაირი ინფორმაცია ბუნტთან დაკავშირებით არ მქონდა, ამის შესახებ შემდგომში გამოძიებაც ჩატარდა, შესაბამისად, მასალები არსებობს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია ჩვენი გუნდისთვის ტალახის სროლა, პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა, მაგრამ, მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში თუკი საჭიროება იქნება, სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამისი თანამშრომლობისთვის, გამომდინარე იქიდან რომ არსებობს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მე ბუნტის დაწყების დღეს მივლინებაში ვიმყოფებოდი", -  განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები