დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული ტექსელის, სიკო დოლიძის სახელობის და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერები გახსნა და მოსახლეობასთან ერთად ჯგუფ "ურსას" კონცერტს დაესწრო.
"ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა დიღმის მასივში. არსებული სკვერები იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ისინი ამჟამად მთლიანად მოწესრიგებული და განახლებულია. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაემატა ხე-მცენარეები, გაკეთდა საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკები, განათდა და ხედავთ, რამდენად სასიამოვნო გარემოა. უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ სივრცით, რომელიც ჯამში ოთხ ჰექტარს მოიცავს. ძალიან მიხარია, რომ ქალაქში ასეთი პროექტები ხორციელდება, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად, დედაქალაქის მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას განსახორციელებელ პროექტებზე", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.
"მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ ლამაზი სკვერის გახსნა. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს. მინდა, მომავალში კიდევ ბევრი ასეთი პროექტის განხორციელება გისურვოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.
გარდა რეაბილიტაციისა, ტექსელის სკვერი და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი ერთმანეთთან დაკავშირდა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით.
სამუშაოების ფარგლებში, თბილისის დინამოს ბაზის მიმდებარედ, გამწვანებული კუნძულებიც მოეწყო. სკვერებში მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები, ცხოველთა სასეირნო სივრცე და მოსასვენებელი პავილიონები, ასევე, სამაგიდო სათამაშო სივრცეც.
რეკრეაციულ ზონებსა და გზაგამყოფ კუნძულებზე ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: მოეწყო სარწყავი სისტემები, 20 448 კვ.მ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, ასევე, დაირგო 15 218 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 7 883 396 ლარს შეადგენს.