ვიეტნამი სტიქიური უბედურების ზონაა. ქვეყანაში ტაიფუნი "იაგი" მძვინვარებს. შტორმის გამო, მდინარე ჰონგჰას აუზში წარმოქმნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა ათობით სოფელი გაანადგურა. დაიღუპა 200 ადამიანი, 1000-მდე ფიზიკურად დაზიანდა, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
ყველაზე რთული ვითარება ჰანოიშია, დედაქალაქის რაიონები წყალმა მთლიანად დაფარა. მაშველები და სამხედროები მოსახლეობის ევაკუირებას ცდილობენ. მიმდინარეობს დაკარგულების ძებნის სამუშაოები. ამ დროისთვის, ქალაქში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. ჩამოიშალა დამბები მდინარე ჰანგაზე, რის გამოც წყლის დონე ჰანოის უბნებში ყოველ საათში 10 სანტიმეტრით იწევს.
წყალდიდობასთან ერთად, ძლიერმა ქარიშხალმა ქვეყნის რაიონებში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. განადგურებულია საქალაქთაშორისო მაგისტრალები, ხიდები, საავადმყოფოები, კომუნალური ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო კვანძები და ელექტროგადამცემი ხაზები. 2 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის, სასმელი წყლის და გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი.
ვიეტნამის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის 14 რეგიონში 200 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა, პროვინციებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, სოფლის მეურნეობა შემოსავლის მთავარი წყაროა.
ვიეტნამის გარდა, ტაიფუნი "იაგი" მიმდინარე კვირას მეზობელ ჩინეთსაც დაატყდა. ქვეყნის სამხრეთით მდებარე გუანსი ჩჟუანის რეგიონში მდინარე იუი კალაპოტიდან გადმოვიდა. მეწყრული პროცესების გამო, რეგიონში შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა, გამოცხადებულია საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი. ტაიფუნმა "იაგიმ" წელს აზიაში ყველაზე მასშტაბური შტორმი გამოიწვია. მეცნიერების შეფასებით, სტიქიური უბედურების მიზეზი ოკეანის ტემპერატურის მატება და კლიმატის ცვლილება გახდა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე