შუქურთის მაღაროების ექვსთვიანი ბლოკირების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თბილისში გადმოინაცვლეს. სოფელ შუქრუთში მცხოვრები გიორგი ნეფარიძე ირწმუნება, რომ მადნის მომპოვებელი კომპანიისგან კომპენსაცია არ მიუღია. საბანკო დოკუმენტაციის მიუხედავად, პროტესტის ერთ–ერთი ორგანიზატორი ამტკიცებს, რომ "ჭიათურა მენეჯმენტი" აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს. გადარიცხვის დოკუმენტაციით კი დგინდება, რომ კომპანიას მხოლოდ გიორგი ნეფარიძის სახელზე 96 000 ლარზე მეტი აქვს გადახდილი.
პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას ადასტურებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ ავანსია. რა მოცულობის თანხები მიიღეს კომპანიისგან? – აქციის მონაწილეთა ნაწილმა "კურიერის" ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
ორგანიზატორების ნაწილი კი ამბობს, რომ მათ სახელზე ჩარიცხული თანხები არასაკმარისია. კომპანიისგან გამოთხოვილი საბანკო ამონაწერით ირკვევა, რომ პროტესტის მონაწილეთა დიდ ნაწილს ათი ათასობით ლარი პირად საბანკო ანგარიშებზე აქვს ჩარიცხული.
"ჭიათურა მენეჯმენტში" ამბობენ, რომ რადიკალური პროტესტის და მაღაროების 6–თვიანი ბლოკირების ფონზე, არამხოლოდ კომპენსაციების გაცემის პროცესი ფერხდება, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება წარმოების გაგრძელება და ასობით ადამიანის სამუშაო ადგილი. იმის მიუხედავად, რომ კომპანია უშუალოდ სოფელ შუქრუთში სამთო-მომპოვებელ სამუშაოებს არ აწარმოებს, მაინც აიღო პასუხისმგებლობა, რომ ადგილობრივებს საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს. ამ მიზნით, უკვე გაცემულია 13 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, პროტესტის ორგანიზატორებზე. კომპანიაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ "ჭიათურა მენეჯმენტი" შუქრუთის ტერიტორიაზე, მით უმეტეს დასახლებულ პუნქტში სამუშაოებს არ აწარმოებს.
"ჭიათურა მენეჯმენტის" მთავარი ინჟინერი ამბობს, რომ კომპანიის ამჟამინდელი საქმიანობა ადგილობრივების საკუთრებას ზიანს ვერ მიაყენებდა. ამ მოსაზრებას ამყარებს ზონალური რუქები, სადაც კარგად ჩანს, კონკრეტულად რა პერიმეტრზე მიმდინარეობს რეალურად წიაღის მოპოვება.
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების ბლოკირებას ეწინააღმდეგება მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც კომპენსაციის მიღების რიგში დგანან. ადგილობრივები ამბობენ, რომ წარმოების შეჩერება საფრთხეს უქმნის როგორც მათი ოჯახების, ისე კომპანიაში დასაქმებული ასობით ადამიანის სოციალურ მდგომარეობას.
შუქრუთის მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა მაღაროების მუშაობის პარალიზება 6 თვის წინ მოახდინა. აქციის მონაწილეები დამატებით კომპენსაციებს და კომპანიის მუშაობის გაჩერებას ითხოვენ.