23 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
14 მილიარდის დაპირება - ათამდე ქვეყნისთვის განკუთვნილი ევროკავშირის 6 წლიანი ფონდი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ქართველ ამომრჩეველს ჰპირდება

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი საარჩევნო დაპირება, პარტიის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში არაერთხელ გააჟღერა. თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა, ქვეყნის ბიუჯეტისთვის 14 მილიარდი ევროს მომენტალურ ტრანშს ნიშნავს. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ გუშინ ისიც თქვა, რომ ამ თანხის მოზიდვას საქართველოსთვის მხოლოდ მისი გუნდი შეძლებს, რაც ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებში აისახება.

ოპონენტს "ღამის კურიერშივე" უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური ძალა სიცრუესა და საზოგადოების მოტყუების მცდელობაში დაადანაშაულა.

"კურიერი" დღეს დაინტერესდა, რეალურად თანხვედრაშია თუ არა 14 მილიარდი ევრო და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ირკვევა, რომ ევროგაერთიანებამ ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2021 წელს 14 მილიარდიანი ფონდი შექმნა, რომელიც 2027 წლამდე შვიდი ბენეფიციარი ქვეყნის ეკონომიკურ სტიმულირებას უნდა მოხმარდეს. აპლიკანტ ქვეყნებს, რომელსაც ჯერ უკრაინა და მოლდოვაც არ დამატებია, შესაძლებლობა ექნებათ საგრანტო პროექტებში წარმატების შემთხვევაში, გარკვეული თანხები მიიღონ. დღეს "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა ვეღარ უარყვეს, რომ მათ მიერ დაპირებული 14 მილიარდი ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის. თუმცა, ამტკიცებდნენ, რომ ყველა საგრანტო პროექტის მოგება მათ შეუძლიათ, იმ ფონზე, როდესაც ევროგაერთიანების ფონდის მიზანი ყველა აპლიკანტის სტიმულირებას გულისხმობს.

ოპონენტები დღეს პოლიტიკურ პოპულიზმსა და სიცრუეში პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადანაშაულა. შალვა პაპუაშვილმა წარსულში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მესამე სექტორის განცხადებებიც გაიხსენა. 

"ნაცმოძრაობას" კომპეტენცია და დაპირებები დღეს კოლეგების ნაწილმაც დაუწუნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, 14 მილიარდზე საუბარი ცრუ დაპირებაა, რომელიც ყოფილი სახელისუფლებო პარტიის დაბალ კვალიფიკაციაზე მიუთითებს.

14 მილიარდი ევროს დაპირება რომ სრული სიცრუეა, დღეს კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა - ამბობენ სახელისუფლებო გუნდში, სადაც მიიჩნევენ, რომ "ნაცმოძრაობა" ევროკავშირის თემით საზოგადოების დაბნევას ცდილობს. მათივე თქმით, ოპონენტების ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, მხოლოდ საარჩევნო ხმების ნებისმიერი გზით მოპოვებას უკავშირდება.

საპარლამენტო არჩევნებამდე 6 კვირა რჩება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ევროკავშირისგან იმ 14 მილიარდ ევროს მოიზიდავს, რომელიც რეალურად ათამდე აპლიკანტი ქვეყნის ეკონომიკის ექვსწლიანი სტიმულირებისთვის არის განკუთვნილი.

დღის ამბები