23 ნოემბერი 2024,   17:12
ვრცლად
"იმედი გვაქვს, რომ დადებითი დინამიკა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სავაჭრო და საინვესტიციო კუთხით გვაქვს, მომავალშიც გაგრძელდება" - ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერ ტინგ სუესიანგთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას და ამ კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. ლევან დავითაშვილი ასევე დადებითად აფასებს ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებს.

"ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ინვესტიციების განხორციელებაზე როგორც ინფრასტრუქტურაში, ისე წარმოების, ტექნოლოგიების, მომსახურების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ძალიან საინტერესო იქნება ამ კუთხით, რადგან მის ფარგლებში სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად გვქონდა პრაქტიკული შეხვედრები მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების მიმართულებით", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.

ლევან დავითაშვილი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო ბანკის, ასევე ელექტროენერგიის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის China Huadian Corporation-ის და კომპანია Huawei-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის (CIFTIS) ოფიციალურ გახსნაში, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მისი შეფასებით, პეკინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა ამ სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე გაეროს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია მონაწილეობს, ამასთან, მომსახურების სფერო სულ უფრო დიდ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ეკონომიკაში.

"საქართველო ამ ღონისძიებაში რეგულარულად მონაწილეობს და ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რადგან საქართველოს ეკონომიკაშიც ამ სფეროს აქვს ძალიან დიდი წვლილი აქვს - საქართველო სწრაფად ახდენს უკვე საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის მიმართულებით პოზიციების გაუმჯობესებას, მიმდინარე წელს ჩვენ დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარამდე შემოსავლებს ველოდებით ამ მიმართულებით. ასევე ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქვეყნის ცხოვრებაში და ზოგადად, ეკონომიკის სტრუქტურა ისე იცვლება, რომ უფრო და უფრო მეტად დამოკიდებულება ხდება იგივე ელექტრონულ კომერციაზე და მომსახურების სფეროზე. ასე რომ, მომსახურების ნაწილი ეკონომიკებში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს და აქედან გამომდინარე, საინტერესოა ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ჩვენი სავაჭრო ხელშეკრულებებიც მომსახურების ნაწილს მთლიანად პასუხობს. მომსახურების, ვაჭრობის თავისუფლების კუთხით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი და წარმატებული ქვეყანაა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან და მიმდინარე შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობენ მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე, ირაკლი ნადარეიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე. ვიზიტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც განიხილება რამდენიმე სექტორის მიმართულებით ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხები.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის დადებითი დინამიკა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სავაჭრო და საინვესტიციო კუთხით გვაქვს, მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები