23 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
მამუკა მდინარაძე საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად წარდგენაზე - ეს ნიშნავს ამ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას - რომ ეს არის, 2012 წლის შემდეგ, არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი

ეს ნიშნავს ხაზგასმასა და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის, 2012 წლის შემდეგ, არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

ჟურნალისტმა დეპუტატს ჰკითხა, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, რადგან ის, 2012 წლის შემდეგ, სიაში არ ყოფილა და შევა თუ არა ივანიშვილი პარლამენტში, "თუ ის ფორმალური პირველი ნომერია?".

"2012 წლის მერე ასეთი პრეცედენტი ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ეს ნიშნავს ხაზგასმასა და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის, 2012 წლის შემდეგ, არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე - ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი. ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან. თქვენ [ოპოზიციური არხის ჟურნალისტს მიმართავს] და "ნაცმოძრაობა", პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და აგენტურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში, პირველ ნომრად, ბიძინა ივანიშვილია. სიის ოცეულში არიან სპორტსმენებიც - მე-7 ნომრად ლაშა ტალახაძე; მე-10 ნომრად კი გენო პეტრიაშვილი.

არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

დღის ამბები