აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა მამაკაცს, რომელსაც შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებიან. 66 წლის დაკავებულს, ამ დანაშაულის გარდა, ბრალად ედება მუქარა და ოჯახში ძალადობა. სწორედ ამ უკანასკნელ ბრალდებაში ცნობს ის თავს დამნაშავედ - სხვა მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებას კი არ აღიარებს.
მოსამართლემ, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, სხდომა დახურა.
"მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი გამჟღავნდა, ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვანის დედას და თავად არასრულწლოვანს, რის შემდგომაც იძალადა მის მეუღლესა და შვილზე. ბრალდებულმა როგორც სასამართლო სხდომაზე განმარტა, იგი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ, კერძოდ, მუქარის ფაქტთან და ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გულისხმობს იგი აღიარებას, რაც შეეხება სექსუალური ქმედებისა და სხვაგვარი ქმედების ფაქტთან დაკავშირებით, იგი არ ცნობს თავს დამნაშავედ," - განაცხადა საქმის პროკურორმა, მარიამ ქორიძემ.
მამაკაცი გუშინ დააკავეს. 9 წლის გოგონამ მშობელს თავად უამბო დანაშაულის შესახებ. ბავშვის დედამ, ფაქტის გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და პედოფილი ბაბუის მორიგი ძალადობის მცდელობისას, პოლიცია გამოიძახა. 9 წლის გოგონას ახლა ექსპერტიზა უტარდება, მასთან მუშაობენ ფსიქოლოგებიც.