23 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ქმნის მნიშვნელოვან ერთიან რეგიონულ ჯაჭვს პოლიტიკური უსაფრთხოების, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტის, ჰუმანიტარული და სხვა საკვანძო საკითხების განსახილველად - თავდაცვის მინისტრი

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს საქართველო მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბათუმში გაიმართა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. კოლეგებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა აღნიშნეს.

ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

"აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ქმნის მნიშვნელოვან ერთიან რეგიონულ ჯაჭვს პოლიტიკური უსაფრთხოების, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტის, ჰუმანიტარული და სხვა საკვანძო საკითხების განსახილველად", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ და სამუშაო დონეებზე თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები, ექსპერტთა დონის შეხვედრები და სამმხრივი კურსები კიდევ უფრო აახლოებს სამხედრო მოსამსახურეებს და ზრდის მათი თავსებადობის დონეს.

შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი მინისტერიალის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

დღის ამბები