23 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის ომი - რუსული საოკუპაციო ძალა დონეცკის ოლქის კიდევ 6 სოფელს აკონტროლებს, უკრაინის არმია კი პოზიციების გაძლიერებას ვორონეჟის ოლქში ცდილობს

რუსეთ-უკრაინის ომი - რუსული არმია დღეიდან დონეცკის ოლქის კიდევ 6 სოფელს აკონტროლებს. რუსეთი თავს დაესხა კოსტიანტინივკასაც, შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო რამდენიმე რეგიონში, მათ შორის დედაქალაქშიც.

შეტევა გრძელდება რუსეთზეც. ვორონეჟის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად ადვილად აალებადი ნივთიერებების საწყობი აფეთქდა. ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა დროებითი განთავსების პუნქტებში გადაჰყავთ. ფრონტის ხაზზე 100-ზე მეტი საბრძოლო შეტაკების შედეგად, რუსულმა არმიამ დიდი დანაკარგი განიცადა. ბოლო 24-საათში, კრემლმა 1 270 მებრძოლი დაკარგა.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში ჩადის და ჩერნობიოს ყოველწლიურ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯორჯია მელონმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარებაში ჩინეთისა და ინდოეთის მსგავსი აქტორები უნდა ჩაერთონ.

იტალიაში ვიზიტამდე, უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში პირადად დაესწრო "რამშტეინის" ბაზაზე უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომას. ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებს ლოიდ ოსტინსა და ბორის პისტორიუსს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკიმ მოლაპარაკებები გამართა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთანაც.

უკრაინას თანადგომა გამოუცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. გერმანიაში ვიზიტისას ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს შეუძლია დაასრულოს ომი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან თავისი ჯარის გაყვანით.

"რამშტეინის" შეხვედრაზე ვაშინგტონი კიევს კიდევ 250 მილიონი დოლარის იარაღს დაჰპირდა.

 

ავტორი: მარიამ იობიძე 

 

დღის ამბები