23 ნოემბერი 2024,   17:08
ვრცლად
თაღლითური სქემა და კვალი, რომელიც დავით კეზერაშვილამდე მიდის - როგორ აღმოჩნდა ევროპელებისთვის მოპარული ფული თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და მისი ნათესავების ანგარიშზე

ე.წ. ქოლცენტრების ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დავით კეზერაშვილის კავშირი სახელისუფლებო პარტიის წევრებს არ გაჰკვირვებიათ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ევროპელი პენსიონერებისგან მოტყუებით დაუფლებულ თანხას კონკრეტული ინტერესებისთვის იყენებს. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ დღეს, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ნაწილს, დაფინანსების 2 მთავარი წყარო ჰყავს, ერთ-ერთი კი კრიმინალური საქმიანობით მიღებული ე.წ. შავი ფულია.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბრალდებებს წერილობითი უპასუხა და განცხადება პროკურატურის ბრიფინგიდან ცოტა ხანში გამოაქვეყნა. დავით კეზერაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება. საქმის მასალების მიხედვით კი, ძირითადად ევროპელი პენსიონერებისგან მოტყუებით მიღებული დიდი რაოდენობის თანხა ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა, ბოლო ასეთმა ტრანზაქციამ კი მილიონ დოლარს გადააჭარბა. კეზერაშვილის მორიგ კრიმინალურ საქმიანობასთან კავშირის გამო, "ნაციონალურ მოძრაობა" თავის მართლების რეჟიმშია. ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფინანსებთან შეხება არ აქვთ. პარტიას არც გამოძიების სჯერა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათი ამჟამინდელი პარტნიორების განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ თავდაცვაა. სახელისუფლებო ძალაში მიიჩნევენ, რომ კრიმინალურ საქმიანობასთან მმართველი გუნდის სახელის დაკავშირებით, ოპონენტები საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობენ.

ოპოზიციის ნაწილმა დიდი ხანია იცის, რომ დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების ბიზნესითაა დაკავებული, თუმცა კითხვები ახლა იმასთან დაკავშირებით აქვთ, რატომ არ დგება მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ტრანსნაციონალურ დანაშაულზე სპეცოპერაცია, გუშინ, პეკინის ქუჩაზე ჩატარდა. ოფისიდან, სადაც ათობით ახალგაზრდა კონსპირაციულად მუშაობდა, სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ფული და დოკუმენტები ამოიღეს. საქმეზე სულ 6 პირია ბრალდებული, ოთხი მათგანი დაკავებულია, მათ შორისაა კეზერაშვილის ახლო ნათესავი თემურ ჯანაშვილი.

გამოძიების ვერსიით, სწორედ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდა თბილისში მოქმედ ქოლცენტრს, უკანონოდ დაუფლებულ თანხას კი კეზერაშვილს ურიცხავდა. დაკავებულების სასამართლო პროცესი გუშინვე გაიმართა. ყველა პატიმრობაშია. მოსამართლემ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა უცხო ქვეყნის ორ მოქალაქესაც. ბრალდება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვიდან, თემურ ჯანაშვილი პირველი არ არის, ვინც ტრანსნაციონალური გამოიძიების ფარგლებში მიეცა პასუხისგებაში. უშუალოდ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით კი საუბარია "ბიბისის" საგამოძიებო ფილმში, სადაც მას ქოლ-ცენტრების ქსელის ჩრდილოვან მმართველს და მისტერ ოფშორს უწოდებენ.

 

 

 

დღის ამბები