საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო თამაშის დაწყებამდე ორი საათი რჩება. "ზღაპრის ეს თავიც კეთილად დავასრულოთ" - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარედ გულშემატკივრები უკვე იკრიბებიან. ქომაგებს საქართველოს ნაკრების გამარჯვების მოლოდინი აქვთ. გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან ნაკრები იმ შედეგს მიაღწევს, რომელიც ჩაფიქრებული აქვთ.
"გრძელდება ჩვენი ბიჭებისგან ზღაპარი. ერთი სიხარული, რაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იყო უკვე მივიღეთ, ახლა სხვა მწვერვალი გვაქვს დასაპყრობი. ნამდვილად კარგ ფორმაში არიან ჩვენი ბიჭები, კარგ ფორმაში არიან გულშემატკივრები. ახლა მსოფლიოს ჯერია, დაიმსახურა ქართველმა გულშემატკივარმაც და ამ ბიჭებმაც ის დღე, როდესაც უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე გავა საქართველოს ნაკრები," - ამბობს ერთ-ერთი ქომაგი, დიმიტრი დარჩია.
"მოლოდინი გვაქვს გამარჯვების, ბრძოლის, შემართების და დარწმუნებული ვართ ჩვენს ბიჭებში, ეჭვი არ გვეპარება არცერთს," - აღნიშნავს ერთ-ერთი ქომაგი, ბესო ბახტაძე.
დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი