23 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია 500-მდე ორგანიზაცია - NGO-ებს პროცესის დასრულებამდე 1 დღე დარჩათ

საჯარო რეესტრს 20 პროცენტზე მეტი უცხოური დაფინანსების მქონე 400-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა. განაცხადების ჩაბარება იუსტიციის სახლის ფილიალებში დღესაც შესაძლებელი იყო. ვადა ხვალ იწურება. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის შესაბამისად, განაცხადის ფორმა ორგანიზაციებმა იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეავსონ. რეგისტრაციის დროს აუცილებელია, წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური წყაროს, მისი ოდენობისა და მიზნობრიობის ასახვა. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში ორგანიზაციას სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს. დეკლარაციის არშევსება კი უკვე ფინანსურ ჯარიმებს იწვევს.

არასამთავრობოთა ნაწილი კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს. მათ შორის არიან "ისფედი", საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვები. ასევე მოძრაობა "სირცხვილია", რომელმაც ჯერ რეესტრში დარეგისტრირების გადაწყვეტილება მიიღო, შემდეგ კი გადაიფიქრა. ორგანიზაციამ, რომელიც გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო, საგანგებოდ ჩაწერილ ვიდეოში ჯერ თქვა, რომ რეგისტრირდება, რადგან კანონში აგენტის სტატუსი გათვალისწინებული არ არის, შემდეგ კი პოზიცია შეცვალა, ვიდეო წაშალა და ბოდიში მოიხადა. მიზეზად საზოგადოების მწვავე რეაქცია დაასახელა. ოპოზიცია, რომელსაც კანონი არ მოსწონს, არ მოსწონს არც "სირცხვილიას" ორჯერ შეცვლილი პოზიცია.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონი მესამე სექტორის საქმიანობას არ ზღუდავს. მათი შეფასებით, კანონს დაუმორჩილებლობას სწორედ პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციები უცხადებენ, რომელთაც განსხვავებული გადაწყვეტილების გამო საკუთარი კოლეგებიც გააკრიტიკეს. აცხადებენ, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს და ეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებმაც აჩვენა.

ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.

დღის ამბები