23 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
საპატრიარქოსთან კონსულტაციები დასრულებულია - რა მიზანი აქვს კონსტიტუციურ ჩანაწერს, რომელსაც "ქართული ოცნება" უზენაეს კანონში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ასახავს

ეკლესიასთან კონსულტაციები დასრულებულია - "ქართული ოცნება" კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთებას გეგმავს. ინიციატივა, რომლის მიზანიც, მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის კიდევ უფრო გამყარებაა, პირველად, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ გააჟღერა. ბიძინა ივანიშვილმა, გურიაში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე ღიად თქვა, რომ უზენაეს კანონში მკაფიოდ აისახება მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია. ამ დაპირების შესასრულებლად, მთავარი პირობა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. სახელისუფლებო გუნდი 113 მანდატის მიღების შემთხვევაში, მზადაა ქვეყნის მთავარ კანონში სამოციქულო ეკლესიის როლი სამართლებრივად კიდევ უფრო გააძლიეროს.

მართლმადიდებლობა, როგორც სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი - ასეთია მმართველი გუნდის ხედვა და კიდევ ერთი დაპირება, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ოფიციალურად გურიაში გაასაჯაროვა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შეთანხმება სამოციქულო ეკლესიასთან მიღწეულია და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში კი, ქვეყნის მთავარ კანონში დამატებით ჩანაწერი გაჩნდება. არსებული გამოწვევების ფონზე, სახელისუფლებო პარტიის საპატიო თავმჯდომარე 1995 წელს რელიგიასთან დაკავშირებით გაკეთებულ საკონსტიტუციო ჩანაწერს არასაკამარისად მიიჩნევს. ივანიშვილის თქმით, ეკლესიისთვის დამატებითი საკანონმდებლო ბერკეტის შექმნა, მის პოზიციებს გრძელვადიან პერსპექტივაში გაამყარებს.

კონსტიტუციის არსებულ რედაქციას ეკლესიის როლთან დაკავშირებით რომ რედაქტირება სჭირდება, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლის კიდევ უფრო ნათლად განსაზღვრა, ეროვნული იდენტობის გაძლიერებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება.

სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე საუბრობენ სასულიერო პირებიც. ალავერდელმა მიტროპოლიტმა დღეს იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შემთხვევაში მოგვარდება და საპატრიარქოს მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

სახელისუფლებო პარტიის დაპირება ბუნდოვანია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პოტენციური ჩანაწერის შესახებ უფრო მეტ კონკრეტიკას ითხოვს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" თემის წინასაარჩევნოდ გამოყენებას ცდილობს.

ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, საპატრიარქო და ქართული ეკლესია ხშირად სწორედ ოპოზიციის მხრიდან თავდასხმების სამიზნეს წარმოადგენს, რის გამოც, მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო დონეზე უფრო დაცული გახდეს. პოლიტიკოსების აზრით, მართლმადიდებლური ეკლესიის სიძლიერე ქვეყნის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

"ქართული ოცნების" ოთხივე დაპირება, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, უკვე ცნობილია. სახელისუფლებო გუნდი 113 მანდატის მოპოვების შემთხვევაში, მზადაა ქვეყნის მთავარ კანონში სამოციქულო ეკლესიის როლი სამართლებრივად კიდევ უფრო გააძლიეროს.

დღის ამბები