სამეგრელოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მათგან ერთი რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდა, ერთი - სენაკში, ერთი კი ქუთაისში გადიოდა მკურნალობის კურსს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში ვირუსული ინფექციით სულ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში ბოლო 24 საათში საქართველოში 35 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არის ერთი ექიმი, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი დღეღამეში 4,426-ია. მხოლოდ თბილისში, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა უკვე 2 ათასს უახლოვდება.
"ჩვენ ახლა ვუახლოვდებით პიკურ მდგომარეობას, რომლის შემდეგაც იწყება სტაბილიზაცია და შემდეგ იწყება შემთხვევების კლება. ამას შეზღუდვების ეფექტიც დაემატება, რომელიც ორ კვირაში უნდა მივიღოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან სიტუაცია უკეთესობისკენ წავა,"- აცხადებს ინფექციონისტი, კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი.
მისივე განმარტებით, ტესტირება არ ასახავს რეალურ ეპიდემიოლოგიურ ციფრებს.
"არიან PCR უარყოფითი ადამიანები, 20 %-ია თითქმის, ვისაც აქვს კოვიდი, მაგრამ არ არის ვირუსგამომყოფი ცხვირ-ხახაში, ამიტომ ეს ხალხიც სტატისტიკის მიღმა რჩება",- აცხადებს მაია ბუწაშვილი.