29 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
წასვლას არ ვაპირებ, არ მიმაჩნია რომ საქმე არ გამომდის - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

მინისტრი არ მიიჩნევს, რომ მისი მუშაობა წარუმატებელია და აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მას მაქვს დაგეგმილი.

"წასვლას არ ვაპირებ. მე არ მიმაჩნია, რომ არ გამომდის საქმე. ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას იმისთვის, რომ ქვეყანაში წარმატებულად წარიმართოს კოვიდპანდემიასთან მიმართებაში ყველა ქმედება. მიმაჩნია, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე მაქვს დაგეგმილი.

ჯანდაცვაში წარმატების ფორმულა სხვადასხვა ფაქტორით იზომება და იზომება კომპლექსურად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელს, მაგრამ ჯანდაცვის ორგანიზაციები ლეტალობას ზომავენ პროცენტებში და საქართველოს მაჩვენებელი, დღესდღეობით, არის 0.90-მდე, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ლეტალობის კუთხით. ეს ვერ გახდება გაზომვის საგანი, თუ რამდენად წარმატებით ვუმკლავდებით ჩვენ კოვიდპანდემიას.

რაც შეეხება სხვა ქმედებებს, საწოლფონდის მობილიზაცია, ექიმების გადამზადება, ყველა აღჭურვილობის მობილიზაცია და ყველა ის ღონისძიებები, რომელიც ინფექციის გავრცელებას შეუშლის ხელს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განხორციელდეს და ამ მიმართულებით ყველაფერი წინ არის,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები