დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარებას დათანხმდა. მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროცესი პროტოკოლის შესაბამისად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაიწყოს.
მიუხედავად ამისა, ტრამპი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს. ბაიდენმა მომავალი ადმინისტრაციის წევრების ნაწილი ოფიციალურად დღეს უნდა წარადგინოს, თუმცა მათი სახელები მედიისთვის ცნობილია.
მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ტონი ბლინკენი ჩაანაცვლებს. ის ობამას პრეზიდენტობისას სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მუშაობდა. ეროვნული დაზვერვის სამსახურს კი პირველად ქალი უხელმძღვანელებს. პოსტზე ბაიდენმა ავრილ ჰაინესი დაასახელა.
ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენს მომავალ წელს ბრიუსელში ეპატიჟებიან და ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენას სთავაზობენ.
მოქმედი პრეზიდენტის სამართლებრივი ბრძოლის ფონზე, ჯო ბაიდენი თეთრი სახლის მასპინძლობისთვის ემზადება. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული 46-ე პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტს ოფიციალურად 58 დღეში დაიკავებს.