29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ახალი გაერთიანების მოლოდინში - 4 პოლიტიკური სუბიექტი მესამე ძალის შექმნას ცდილობს

იგეგმება თუ არა ახალი ერთიანი ოპოზიციური ბლოკის შექმნა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. პირველ ეტაპზე საუბარია: "ლელოს", "გირჩის", "ევროპული საქართველოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ ბლოკად გაერთიანებაზე. თუმცა უფრო მეტად აქტუალური ეს იმ შემთხვევაში გახდება, თუ ვადამდელი არჩევნები დადგება დღის წერიგში. 

4 პოლიტიკური სუბიექტი მესამე ძალის შექმნას ცდილობს. "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამ ეტაპზე რაიმე სახის ახალი გაერთიანების ფორმირებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს,თუმცა ადასტურებს, რომ მისი პარტია დანარჩენ 3-თან ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე თანხვედრაში მოდის.

შედგება თუ არა ახალი პოლიტიკური ბლოკი - ამაზე საუბარი ჯერ "ლელოში" არ სურთ. მიუხედავად ამისა, პარტიაში ადასტურებენ, რომ გარკვეული შინაარსობრივი თანხვედრა ოთხი პარტიის პოლიტიკურ შეხედულებებს შორის ნამდვილად არსებობს.

პოლიტიკურ ძალებს შორის რაიმე სახის სამომავლო ერთობას ამ ეტაპზე გამორიცხავენ "გირჩისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები. პარტიებში ამბობენ, რომ ოპოზიციური ერთობა ფუნდამენტური საკითხების გადასაწყვეტად ყოველთვის კარგია. თუმცა კოალიციის ჩამოყალიბება დღეს მათ მიზნებში არ შედის.

ოპოზიციური პარტიების სამომავლო გაერთიანება ნაკლებად საინტერესოდ მიაჩნიათ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ეს ერთობა საერთო პოლიტიკურ სურათს შესამჩნევად ვერ შეცვლის.

დღის ამბები