29 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები, ან ჩრდილოეთ კორეა, სადაც "ქართული ოცნება" დარჩება მარტო - გიგი უგულავა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მესამე რაუნდის გამართვამდე ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ ევროპარლამენტარები. განცხადებაში, რომელსაც ოთხი ევროპელი კანონმდებელი აწერს ხელს ნათქვამია, რომ ყველა მხარემ პასუხისმგებლობასთან ერთად უნდა გამოიჩინოს "თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცეს ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვოს საჭირო კომპრომისი".

"ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით, რამაც გზა გაუხსნა უფრო პლურალისტულ პარლამენტს. თუმცა, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ იბრძოდნენ ადგილებისთვის მეორე ტურში. ვითხოვთ, დარჩენილი ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით. ველოდებით ყველა საფუძვლიანი აპელაციისა და საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას," - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

მოწოდებებს უკვე მოჰყვა პირველი შეფასებებ8ი თბილისში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ის რეჟიმი რა რეჟიმზეც არჩევნების შემდეგ ოპოზიცია გადაერთო სულაც არ არის კაპრიზი ან პრინციპი, არამედ ეს არის ჯანსაღი აზრი. ისინი არგუმენტს ამყარებენ იმით, რომ მმართველი გუნდის პირობებში ოპოზიციას პარლამენტში არასდროს ჰქონია ანგარიშგასაწევი როლი.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ერთადერთ სწორ გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს.

"მოგვიწოდებენ, რომ იქნება გეფიქრათ პარლამენტში შესვლა, ჩვენი პასუხია - არა. ჩვენ არ ვაპირებთ სიყალბეში მონაწილეობას, ჩვენ მადლობას ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს მათ შორის იმ ნაწილში, რომ ისინი ჩვენსავით ხედავენ იმ სისტემურ პრობლემას, რაც არჩევნებმა მოიტანა, მაგრამ ჩვენ მყარად მიგვაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება დაყრუება არ არის. ერთადერთი სწორი გამოსავალი არის, რომ ეს მანკიერი წრე, რომელზეც ჩვენ ვტრიალებთ 30 წელიწადია ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს. რიგგარეშე არჩევნები, ან მეორე ალტერნატივა - ჩრდილოეთ კორეა, სადაც “ქართული ოცნება” დარჩება მარტო," - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ელოდებიან თუ რა წინადადებით წარდგება "ქართული ოცნება" ოპოზიციის წინაშე.

"ახლა ჩვენ ველოდებით რა წინადადებით წარდგება საბოლოოდ "ქართული ოცნება" ოპოზიციის წინაშე იმიტომ, რომ შექმნილი დღის წესრიგის ვითარებიდან ახლა პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ხელისუფლებას. ჩვენ უნდა ვსაუბრობთ, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები ქვეყანაში. რა იურიდიული ფორმა მიეცემა ამას - ეს იქნევა ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნები, რიგგარეშე არჩევნები. ამ თემაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, ვიკამათოთ და მივიდეთ რაღაც საერთო გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ახალი  არჩევნების გარეშე შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი არ არსებობს," - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ შეუძლებელია საზოგადოების აღშფოთებაზე თვალი დახუჭოს ოპოზიციამ.

"კომპრომისები, ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება დავხუჭოთ თვალი საზოგადოების აღშფოთებაზე და ჩვენს აღშფოთებაზეც, როდესაც დავინახეთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მოიპარა არჩევნები, პრაქტიკულად არჩევნები არ ჩატარებულა, ეს დამახასიათებელია საერთაშორისო ინსტიტუტებისათვის, რომ კი იყო გაყალბება, მოგპარეს არჩევნები, მაგრამ რომ არ დაიძაბოს სიტუაცია და ქუჩაში არ გადაინაცვლოს, მდოით თქვენც, რომ კარგად იყოთ, ჩვენც რომ წყნარად ვიყოთ, პარლამენტი რომ შედგეს ჯობია, რომ პარლამენტის სესიები ჩაინიშნოს და დაიწყოს ფუნქციონირება ახალმა პარლამენტმა," - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

დღის ამბები