29 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
სტუმრის დახვედრა ასე სამარცხვინოდ, როგორც ოპოზიცია გეგმავს, მიანიშნებს, რომ არ არსებობს კონსტრუქციული პოზიციის პერსპექტივა - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, სამარცხვინოს უწოდებს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტები ამერიკის სახელმწიფო მდივნისთვის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ.

"ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება, მით უმეტეს, მაღალი რანგის სტუმრის დახვედრას, ასე სამარცხვინოდ, როგორც ჩვენი ოპოზიცია გეგმავს, რასაკვირველია, მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არ არსებობს რაიმე კონსტრუქციული პოზიციის პერსპექტივა," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას უკვე წარუდგინა კომპრომისული ნაბიჯები, თუმცა გარკვეული ჯგუფები მაინც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და მათ დესტაბილიზაციის გარდა სხვა გეგმა არ გააჩნიათ:

"ქართულ ოცნებას" არავითარი უფლება არ აქვს კომპრომისი დაუშვას საკუთარი და თუნდაც ოპონენტების ამომრჩევლების ხარჯზე. შეიძლება დღეს ვინმეს არ ესმის, მაგრამ გარკვეული ჯგუფი, გარკვეული ლიდერები, რომლებიც ცდილობენ ხალხი შეიყვანონ შეცდომაში, ესწრაფვიან მხოლოდ დესტაბილიზაციას, არავითარი სხვა გეგმა მათ არ გააჩნიათ. იმ პირობებში, როდესაც უბნების უმეტესი რაოდენობის გადათვლას სთავაზობს "ქართული ოცნება", მათ შორის ყველა უბანზე ვიდეოთვალის მასალების გაანალიზებას, რასაკვირველია, ეს შესაბამისი დასკვნების საფუძველს იძლევა და იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ჩართულ არიან ამ აქტივობებში, საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ სიღრმისეულად შეაფასონ ვის მიყვებიან," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები