მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ცეცხლის ალში საკუთარი სახლები ახლა ადგილობრივებმა გახვიეს. ქელბაჯარის რეგიონში ადამიანები საცხოვრებლებს ტოვებენ. ამბობენ, რომ აქ მომავალი აღარ არსებობს და ვეღარასდროს დაბრუნდებიან.
ერევანში კი პროტესტის ტალღა არ წყდება. აზერბაიჯანთან შეთანხმების პირველივე წუთებიდან მოსახლეობის ნაწილი ქუჩაშია გასული და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს. აქციებს სათავეში 17 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია უდგას. სომხეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვინც მთავრობის დამხობას გადაწყვეტს, ყველა კანონის წესით დაისჯება. უკვე დაკავებულია ათობით აქტივისტი, მათ შორისაა ოპოზიციის ლიდერების ნაწილიც. ამის მიუხედავად, პროტესტი ერევნის ქუჩებში არ წყდება.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 10 ნოემბერს შეწყდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით მთიანი ყარაბაღის სიახლოვეს მდებარე შვიდი რაიონი აზერბაიჯანს გადაეცემა, ხოლო ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელ დერეფანს რუსი სამხედროები გააკონტროლებენ.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი