ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", "ევრო 2020"-ის პლეი ოფის ფინალში, საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გამარჯვების ბურთი 56-ე წუთზე გორან პანდევმა გაიტანა. ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები ისტორიული ფინალის შემდეგ მომდევნო თამაშს 15 ნოემბერს ისევ ამ მოედანზე, ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფში სომხეთის გუნდთან გამართავს. 2 დღის მერე კი ესტონელებს უმასპინძლებს.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში მისი 5-წლიანი საქმიანობა დამთავრდა.
"რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ეს არის ფეხბურთი, ეს არის ცხოვრება. ბოდიშს ვუხდი ფეხბურთელებს, ფედერაციას, ბოდიშს გიხდით თქვენ, გულშემატკივრებს. ჩრდილოეთ მაკედონიამ ერთი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა, ვულოცავ მათ. ისინი უკეთესები იყვნენ. ძალიან სამწუხარო დღეა ჩემთვის, გუნდისთვის, ყველასთვის. შეტევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტს ველოდით. დაგვიანებული იყო ცვლილება, მაგრამ სათადარიგო ფეხბურთელთა შორის უფრო მაღალი ხარისხი არ იყო. ჩემი სამუშაო აქ სრულდება, ორი თამაშის შემდეგ შეგიძლიათ დაელოდოთ ახალ მთავარ მწვრთნელს, ახალი იმედებით. მე ვასრულებ ხუთწლიან საქმიანობას საქართველოში. დღეს ყველა სევდიანია, აცრემლებულია ყველა, თქვენც, ფეხბურთელებიც, ჩვენც. მადლობა ყველას, ფეხბურთელებს, ფედერაციას, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს და კიდევ ბოდიშს გიხდით,"-განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა. სპორტული ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია ნაადრევად დატოვა.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი