29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ანგარიში წარადგინეს. მომხსენებლებმა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს.

საპასუხო განცხადებაში საქართველოს წარმომადგენელმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა აღნიშნა და ყურადღება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე გაამახვილა.

"აღინიშნა, რომ აუცილებელია ჟენევის დისკუსიების გამართვა, რადგან წელს, ფაქტობრივად, არ გამართულა არცერთი რაუნდი. გამოთქვეს იმედი, რომ შემდგომი რაუნდი, რომელიც ჩანიშნულია დეკემბრის 11 რიცხვში, აუცილებლად გაიმართება. ამ გამოსვლაში ასევე აღვნიშნე ის ფაქტი, რომ სწორედ დღეს, როდესაც სოჩაში რუსეთის პრეზიდენტი ხვდება ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტს, ეს არის მორიგი მანიფესტაცია რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევის და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის. მეც და ჩვენმა პარტნიორებმაც ერთხმად მოითხოვეს ზაზა გახელაძის გათავისუფლება. მოგეხსენებათ, რომ 4 თვის წინ ეს პირი რუსმა სამხედროებმა დაჭრეს და დღემდე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება,"-განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში ქეთევან ციხელაშვილმა. 

დღის ამბები