29 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ეუთოს განცხადებას რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები ეხმაურებიან

ეუთოს სპეციალურ განცხადებას რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ განცხადების მთავარი ადრესატი ხელისუფლებაა. 

რაც შეეხება დიალოგს, ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მზად არიან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა სამი მთავარი მოთხოვნით - ​გადადგეს თამარ ჟვანია, დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია ახალი კადრებით და ძირითადი მოთხოვნაა, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. 

"პირველი ადრესატი არის ხელისუფლება, იმიტომ, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცალსახად შეაფასეს, არა თუ არაპროპორციული იყო ძალის გამოყენება, არამედ არალეგიტიმური იყო, იმიტომ, რომ არანაირი საჭიროება არ არსებობდა, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური და არც ჯანსაღი აზრის ფარგლებში და მხოლოდ და მხოლოდ პანიკის და შიშის მანიშნებელია ხელისუფლების მხრიდან ასეთ დროს როდესაც ძალას იყენებს. 

დიალოგზე ჩვენ უარი არასდროს არ გვითქვამს, პირიქით, ჩვენ გუშინაც მოვუწოდეთ, დღესაც მოვუწოდებთ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიალოგის მომხრეა პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.  

"მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას", რომ გამოსავალი არის ერთადერთი, ეს არის დიალოგი, დიალოგი ცივილიზებული, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, დიალოგი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას რომ ობიექტური არჩევნები ჩაეტარებინა, დღეს ქუჩის პროტესტი არ იქნებოდა.

"სრულიად გასაგებია ეუთოს მოწოდება, რომელიც ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა, იყოს ინკლუზიური პროცესი, რაც ეხება საარჩევნო დიალოგს, ჩვენ დიალოგზეც მზად ვართ, ოღონდ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღის ამბები