29 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის სრულად მობილიზდეს - თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებში თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" და ოპოზიცია კომპრომისზე უნდა წავიდნენ, თუ არ უნდათ, რომ საქართველო რევოლუციურ სცენარს მიუახლოვდეს.

"ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე ასე მარტივად არ წავა. ჯერჯერობით ფრთხილობენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც და ყველას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ.

ყველაზე კომპრომისული ვარიანტი ამ სიტუაციაში იქნება გადათვლა ჟვანიას გარეშე. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის სრულად მობილიზდეს.

ოპოზიციამ ერთი ხიფათი უნდა გაითვალისწინოს, თუ მოხდა ისე, რომ ბზარი გაჩნდა და ერთი-ორი პარტია მაინც დათანხმდა პარლამენტში შესვლას, ამით ისინი სერიოზულად აგებენ. ახლა აქვთ უპირატესობა, რადგან ბოიკოტი მოხდა სრული შემადგენლობით. თუ ამას შეინარჩუნებენ მათ აქვთ უპირატესობა, რადგან "ქართული ოცნება" რჩება პარლამენტში მარტო ამ მძიმე კრიზისის დროს.

ეს ბზარი თუ გაჩნდა "ქართულ ოცნებას" სულ სალაპარაკო ექნება, რომ ისინი მარტო არ არიან პარლამენტში და გამოჩნდა ზომიერი ოპოზიცია. ერთი თუ შევიდა, მეორეც შევა და ეს რისკები უნდა დათვალოს ოპოზიციამ.

"ქართული ოცნების" მხრიდან წავა იმაზე საუბარი, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები თამაშობენ სააკაშვილის თამაშით. მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ კომპრომისზე არ წავა და არც მეორე მხარეს მისცემს ამის საშუალებას, იქნება რევოლუცია და ამ სცენარს მივუახლოვდებით. რევოლუციურ სცენარში იხეირებს მიხეილ სააკაშვილი, ასეთ სიტუაციაში ისაა ძლიერი და ეს უნდა გაითვალისწინოს "ქართულმა ოცნებამ". რაც არ უნდა ობიექტურად წარიმართოს არჩევნები, "ქართული ოცნება" მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ ჯამურად სხვები "ოცნებაზე" მეტს მიიღებს. ეს მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს. 

თავიდანვე რომ ყოფილიყო გაცხადებული, რომ კოალიციური მთავრობა იქნებოდა, იქნებ სცენარი სხვანაირად განვითარებულიყო, ეს უნდა გაითვალისწინოს "ქართული ოცნების" ლიდერშიფმა,"- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

დღის ამბები