29 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
2018-2016 წლების არჩევნებთან შედარებით, 12:00 საათის მონაცემებით, უფრო მეტი დარღვევა გვაქვს დაფიქსირებული - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

გიგაურის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა.

მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

"იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი დამკვირვებლები არიან, ეს უბნები გაიხსნა დროულად, მაგრამ უნდა ითქვას, რომ 2018-2016 წლის არჩევნებთან შედარებით, დღეს ჩვენ 12:00 საათის მონაცემებით, უფრო მეტი დარღვევა გვაქვს დაფიქსირებული. ამ ეტაპისთვის ჩვენ დავაფიქსირეთ დაახლოებით 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა და ჩვენ ორგანიზაციას უკვე აქვს დაწერილი 15 საჩივარი," - აღნიშნავს გიგაური.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

"დამკვირვებლების გამოძევება: გურჯაანის #09.12.15 უბნიდან გამოაძევეს ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა, რომ ერთ-ერთი პირი ამომრჩეველს მიყვებოდა საარჩევნო კაბინაში. გარდა ამისა, გურჯაანის #09.12.01 და ფოთის #26.70.17 უბნებიდან სცადეს ჩვენი დამკვირვებლების გამოძევება, თუმცა შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (გახსნილი ბიულეტინები და კამერები კაბინასთან ახლოს): ადგილი ჰქონდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევებს. კერძოდ, გორის #15.32.03, ახალციხის #17.37.04 უბნებზე საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს. მათ შორის აღსანიშნავია ახალციხის შემთხვევა, სადაც საარჩევნო ყუთის მეთვალყურე ყველა ამომრჩეველს სთხოვდა ეჩვენებინა ბიულეტენები, რითაც ხშირად ირღვეოდა კენჭისყრის ფარულობა. რამოდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. ასეთი უბნებია, დუშეთის #11.28.37, გორის #15.32.28

წილისყრის პროცედურის დარღვევა: ახალციხის #12.21.14, მარნეულის #13.22.85, დმანისის #14.24.46, ვაკის #02.02.31  უბნებზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით.

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში: ტენდენციის სახე ჰქონდა მედია ორგანიზაცია „ნიუპოსტის” წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის შიგნით ყველა ამომრჩევლისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალური პროგრამის მეშვეობით მათ გაგზავნას.

საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა: ნაძალადევის #06.07.07, ქუთაისის #23.59.122 და ბათუმის #28.79.14 და წყალტუბოს #22.58.30 უბნები დაგვიანებით გაიხსნა.

არაუფლებამოსილი პირების უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნა: დილას გარდაბნის #12.21.14 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები სამკერდე ნიშნის გარეშე, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და შუბლის გახვრეტით დაემუქრნენ ჩვენს დამკვირვებელს, რაზეც კომისიის თავმჯდომარე არ რეაგირებდა. მოგვიანებით ამ პირებმა გაიკეთეს სამკერდე ნიშნები. ამ შემთხვევის შესახებ ვაცნობეთ პოლიციას, რომელმაც დაიწყო საკითხის შესწავლა.

კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა: მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა „კოვიდინფექციის” გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები.

საჩივრის ჩაბარებესთან დაკავშირებული პრობლემები: დმანისის #14.24.46 უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა ჩვენი დამკვირვებლის საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ, პრობლემა აღმოიფხვრა.

მარკირების გარეშე ხმის მიცემა: დუშეთის #11.28.01 და ახმეტის #10.18.04 უბნებზე ადგილი ქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემას. აგიტაცია საარჩევნო უბანზე თეთრიწყაროს #14.26.10 უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევა," - განაცხადა გიგაურმა. 

დღის ამბები